მსოფლიოში სამხედრო ხარჯები 2022 წელს 3,7%-ით გაიზარდა და მაქსიმალურ ნიშნულს – $2 240 მილიარდს მიაღწია.
სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის (SIPRI) მიერ დღეს გამოქვეყნებული მონაცემებით, ყველაზე მკვეთრი – 13%-იანი ზრდა ევროპის სამხედრო ხარჯებმა განიცადა.
2022 წელს ცენტრალური და დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებმა შეიარაღებაზე $345 მილიარდი დახარჯეს, რაც ბოლო 30 წლის მაქსიმალური მაჩვენებელია.
SIPRI-ის მონაცემების მიხედვით, ყველაზე მეტ თანხას სამხედრო შეიარაღებაზე შეერთებული შტატები, ჩინეთი და რუსეთი ხარჯავენ. ამ სამ ქვეყანაზე მთლიანი სამხედრო ხარჯების 56% მოდის.
მსოფლიო სამხედრო ხარჯები მერვე წელია იზრდება. უკრაინის სამხედრო დახმარებამ და რუსეთის მხრიდან მზარდმა საფრთხემ, დიდი გავლენა მოახდინა ბევრი სახელმწიფოს გადაწყვეტილებებზე.
ევროპაში ყველაზე მკვეთრი ზრდა იყო:
-
ფინეთში (+36%)
-
ლიტვაში (+27%)
-
შვედეთში (+12%)
-
პოლონეთში (+11%).
„უკრაინაში რუსეთის შეჭრამ, რა თქმა უნდა, იმოქმედა 2022 წლის სამხედრო ხარჯებზე, თუმცა, რუსეთის აგრესიის გამო შეშფოთება უკვე დიდი ხანია იზრდება“, – თქვა ლორენცო სკარაზატომ, SIPRI-ის სამხედრო ხარჯებისა და იარაღის წარმოების პროგრამის მკვლევარმა.
ყოფილი აღმოსავლეთის ბლოკის ბევრმა სახელმწიფომ გააორმაგა სამხედრო ხარჯები 2014 წლიდან, როდესაც რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა.
სამხედრო ხარჯებს ზრდიან რუსეთი და უკრაინა.
რუსეთის სამხედრო ხარჯები 2022 წელს გაიზარდა დაახლოებით 9,2%-ით, დაახლოებით $86,4 მილიარდამდე. ეს რუსეთის მშპ-ის 4,1%- შეადგენს. 2021 წელს ის მშპ-ის 3,7%-მდე იყო. SIPRI-ის შეფასებით, რუსეთს უკრაინაში შეჭრა იმაზე მეტი დაუჯდა, ვიდრე ამას ელოდა, რადგან რეალური სამხედრო ხარჯები საბიუჯეტო გეგმებს აღემატებოდა.
უკრაინის სამხედრო ხარჯებმა 2022 წელს $44 მილიარდს მიაღწია, რაც 640%-იანი ზრდაა. უკრაინის სამხედრო ხარჯები მშპ-ის 34%-ს შეადგენს. 2021 წელს ის მხოლოდ 3,2% იყო.
აშშ-ის სამხედრო ხარჯები
შეერთებული შტატები მსოფლიო ლიდერია სამხედრო ხარჯებით.
აშშ-ს სამხედრო ხარჯებმა 2022 წელს მიაღწია $877 მილიარდს, რაც მთლიანი გლობალური სამხედრო დანახარჯების 39%-ია და 3-ჯერ მეტია ჩინეთის მიერ დახარჯულ თანხაზე. ეს უკანასკნელი მსოფლიოში სიდიდით მეორე მხარჯველია.
უკრაინისთვის აშშ-ის ფინანსურმა სამხედრო დახმარებამ 2022 წელს $19,9 მილიარდი შეადგინა.
ჩინეთი თავდაცვის ხარჯების მხრივ, მსოფლიოში მეორე ადგილზეა. საერთაშორისო კვლევითი ინსტიტუტის მონაცემებით, ზედიზედ 28 წელია იზრდება ჩინეთის სამხედრო ხარჯი, რომელმაც 2022 წელს $292 მილიარდი შეადგინა. ეს წინა წელზე 4.2%-ით მეტია.
იაპონიის სამხედრო ხარჯები გაიზარდა 5,9%-ით 2021-2022 წლებში და მიაღწია $46 მილიარდს, ანუ მშპ-ის 1,1%-ს. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 1960 წლის შემდეგ. იაპონიას ამბიციური გეგმები აქვს ამ მიმართულებით მომდევნო წლებში ჩინეთის, ჩრდილოეთ კორეისა და რუსეთის მხრიდან მზარდი საფრთხეების საპასუხოდ.
ინდოეთის სამხედრო ხარჯები $81,4 მილიარდს შეადგენს და მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა. ის 6%-იით გაიზარდა 2021 წელთან შედარებით.
თურქეთის სამხედრო ხარჯები 2022 წელს ზედიზედ მესამედ შემცირდა და $10,6 მილიარდი შეადგინა, რაც 26%-ით ნაკლებია 2021 წელთან შედარებით.