Samsung წელს განცდილი ზარალის გამო მეხსიერების ბარათების წარმოებას ამცირებს. პირველი კვარტალის წინასწარი შედეგებით, კომპანიას მოგება 92%-ით შეუმცირდა.
ჩავარდნა სწორედ მეხსიერების ბარათების განყოფილებას ჰქონდა. მას სავარაუდოდ, $ 2,3 მილიარდის ზარალი დაუფიქსირდება, რადგან მეხსიერების ბარათების ფასები დაეცა.
Samsung Electronics Co Ltd მეხსიერების ბარათების, ტელევიზორებისა და სმარტფონების მსოფლიოში უმსხვილესი მწარმოებელია 2022 წლის მონაცემებით.
სმარტფონის ახალი ფლაგმანი მოდელების, მათ შორის S23-ის გაყიდვებმა კარგი შედეგი აჩვენა. მაგრამ მთლიანად მობილური ბიზნესიდან მოგება 9%-ით არის შემცირებული. ჩიპების ფასი, რომლებიც სმარტფონებში, კომპიუტერებსა და სერვერებში გამოიყენება, დაახლოებით 20%-ით დაეცა, ხოლო მონაცემთა შესანახად გამოყენებული NAND ფლეშბარათის ფასმა დაახლოებით 10-15%-ით დაიკლო.
მზარდი ინფლაციის გამო მომხმარებელთა მოთხოვნა ტექნოლოგიურ მოწყობილობებზე, მათ შორის მეხსიერების ბარათებზეც, კვლავ შემცირებული რჩება. თუმცა, Samsung-მა განაცხადა, რომ გრძელვადიან ინვესტიციებს გააგრძელებს, რათა ჩიპების წარმოებაში ტექნოლოგიური ლიდერობა შეინარჩუნოს.
მეხსიერების ბარათების წარმოების შემცირების შესახებ ასევე, განაცხადეს Samsung-ის კონკურენტებმა – SK Hynix-მა და Micron-მა.