Samsung-ს ბოლო 14 წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი ფინანსური მაჩვენებლები აქვს.
კომპანიას რეკორდულ ზარალი დაუფიქსირდა. ეკონომიკური შენელებისა და მზარდი ინფლაციის ფონზე, 2023 წლის პირველ კვარტალში მეხსიერების ბარათებისა და სმარტფონების ერთ-ერთ უმსხვილეს მწარმოებელს საოპერაციო მოგება, წინა წელთან შედარებით, 95%-ით, $478,6 მილიონამდე შეუმცირდა.
ამის მიზეზი სამომხმარებლო ელექტრონიკის გაყიდვების კლება და ბაზარზე მიკროჩიპების სიჭარბე გახდა, რამაც Samsung Electronics-ის ძირითად ბიზნესს – მეხსიერების ბარათების წარმოებას განსაკუთრებული ზიანი მიაყენა. შესაბამისად, კომპანიას ბოლო 14 წლის განმავლობაში, ყველაზე დაბალი კვარტალური მოგება დაუფიქსირდა.
კომპანიის გაყიდვები პირველ კვარტალში 18%-ით შეუმცირდა, ხოლო წმინდა შემოსავალმა 86,1%-ით დაიკლო.
Samsung-ის განმარტებით, შემოსავლებზე ყველაზე მეტად იმოქმედა მოთხოვნის შემცირებამ მეხსიერების ბარათებზე, რომლებიც მისი მოგების თითქმის 50%-ს ქმნიდა, რასაც მისი გაიაფებაც დაემატა.
კომპანია ვარაუდობს, რომ მეხსიერების ბარათებზე მოთხოვნილება „ეტაპობრივად აღდგება“ 2023 წლის მესამე კვარტალში, რადგან ელოდებიან, რომ მომხმარებელთა მარაგი შემცირდება.
Samsung-ის პროდუქტებზე მოთხოვნა რეკორდული იყო პანდემიის პერიოდში, როცა ხალხი ახალ მობილურ ტელეფონებსა და კომპიუტერებს ყიდულობდა. ელექტრონიკის კომპანიებმა გაზარდეს წარმოება. როცა ჩაკეტვა მოიხსნა და ინფლაცია და საპროცენტო განაკვეთები გაიზარდა, კომპანიებს კრიზისული პერიოდი დაუდგათ. .
Samsung-მა აპრილის დასაწყისში განაცხადა, რომ ამცირებს მეხსიერების ბარათების წარმოებას. მანამდე კომპანია აცხადებდა, რომ ის წარმოებაში მხოლოდ მცირე ცვლილებებს განახორციელებდა.