Ryanair-მა განაცხადა, რომ ზაფხულის პერიოდში შარშანდელზე გაცილებით დაბალი ტარიფები ექნება. ბილეთების გაიაფება ავიაკომპანიის მოგების თითქმის 50%-ით შემცირებამ განაპირობა.
კომპანიამ თქვა, რომ აპრილი-ივნისის პერიოდში მისი შემოსავლები 401 მილიონ ევრომდე შემცირდა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე მნიშვნელოვნად ნაკლებია.
ამავე პერიოდში Ryanair-ის ტარიფები საშუალო 15%-ით დაეცა და გადამზიდველმა განაცხადა, რომ მომდევნო თვეებში ავიაბილეთებზე მეტი ფასდაკლების გაკეთება მოუწევს.
კომპანიის ხელმძღვანელმა მაიკლ ო’ლირმა თქვა, რომ ივლისიდან სექტემბრამდე უფრო დაბალი ტარიფები იქნება, ვიდრე გასულ წელს და ამას კომპანია არ ელოდა.
მან თქვა, რომ Ryanair-ის მგზავრობის საშუალო ღირებულება ივნისში 41,93 ევრო იყო, რაც წინა წლის მაჩვენებელზე, 49,07 ევროზე საკმაოდ ნაკლებია.
ავიაკომპანიის ფინანსური დირექტორის, ნილ სორაჰანის თქმით, ის ფიქრობს, რომ მომხმარებლები უბრალოდ “ცოტა უფრო ეკონომიურები, ცოტა უფრო ფრთხილები” იყვნენ ფულის ხარჯვისას.
მიმდინარე ზაფხულში მოგზაურები ბიუჯეტს უფრო მეტად რომ ზოგავენ, ამის თაობაზე სხვა ავიაკომპანიებიც წუწუნებენ. ამის გამო ავიაბილეთების ფასის შემცირებაზე Ryanair-ის გარდა, კიდევ რამდენიმე გადამზიდავმა განაცხადა.
Lufthansa “ბაზრის უარყოფით ტენდენციებზე” ჩივის, ხოლო Air France-KLM-მა განაცხადა, რომ პარიზში მომავალი ოლიმპიური თამაშებისთვის ფრენები მოსალოდნელზე ნაკლებმა ადამიანმა დაჯავშნა.
ავიაკომპანიების ფინანსური შემოსავლების გაუარესება შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რომ პანდემიის შემდგომი ბუმი დასასრულს უახლოვდება.
ორშაბათის, 22 ივლისის ვაჭრობაზე ლონდონის საფონდო ბირჟაზე Ryanair-ის აქციების ფასი 12,5%-ით დაეცა, EasyJet-ის აქციებმა დაიკლო 6,51%-ით, ხოლო Wizz Air-ის 6,56%-ით გაიაფდა.