ირლანდიური ბიუჯეტური ავიაკომპანიის Ryanair-ის აღმასრულებელი დირექტორი მაიკლ ო’ლირი, რომელიც 2024 წლის ზაფხულისთვის ბილეთების მნიშვნელოვნად გაძვირებას აანონსებდა, ახლა ამბობს, რომ ავიაკომპანიით ფრენის ღირებულება ზაფხულის სეზონზე მოსალოდნელზე დაბალი იქნება.
მანამდე ო’ლირი ამბობდა, რომ ზაფხულის პიკზე ტარიფები საშუალოდ 10%-ით გაიზრდებოდა, ახლა ის ელის, რომ ფასები დარჩება იმავე დონეზე ან “ოდნავ მაღალი იქნება” წინა ზაფხულთან შედარებით.
Ryanair-ს მოგების 34%-იანი ზრდა ჰქონდა 2023 წლის მარტიდან 2024 წლის მარტამდე პერიოდში. კომპანიის მოგებამ 1,9 მილიარდ ევროს მიაღწია.
ავიაკომპანია ელოდება, რომ მგზავრების რაოდენობა წელს 8%-ით გაიზრდება 198-დან 200 მილიონამდე.
კომპანიის ხელმძღვანელის თქმით, მიმდინარე წლის ფინანსური შედეგები დიდწილად იქნება დამოკიდებული ომებზე უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში ან ბოინგის მიერ თვითმფრინავების მიწოდების შეფერხებაზე.