ირლანდიურმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ Ryanair-მა გამოაცხადა, რომ საფრანგეთში ავიადისპეტჩერების გაფიცვის გამო მომავალი შაბათ-კვირისთვის დაგეგმილ 220 რეისს აუქმებს.
კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკლ ო’ლირიმ განაცხადა, რომ Ryanair-მა გაფიცვის შესახებ შესაბამისი შეტყობინება საფრანგეთის ხელისუფლებისგან მიიღო.
ფრენების გაუქმება დაახლოებით 40 ათას მგზავრს შეეხება.
ო’ლირიმ თქვა, რომ ეს ვითარება „სრულიად მიუღებლად” მიიჩნია და ამბობს, რომ „სატრანზიტო ფრენები” გაფიცვის შემთხვევაში დაცული უნდა იყოს.
მარტში Ryanair-მა ევროკავშირს მოუწოდა, ზეწოლა მოეხდინა საფრანგეთზე, რათა მას სატრანზიტო ფრენები შეეტანა „მინიმალურ სავალდებულო სერვისებში“, როცა დისპეტჩერებს გაფიცვის დროსაც მოეთხოვებათ მოვალეობის შესრულება.
ცნობისთვის, საფრანგეთში 1-ელ მაისს საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ ახალი მასშტაბური პროტესტია დაგეგმილი.