Renault-ის დირექტორის ჟან-დომინიკ სენარდის თქმით, ევროპის ელექტრომობილების ინდუსტრიას „ჩინური ქარიშხალი“ ემუქრება.
სენარდი გულისხმობს ჩინეთის მიერ შეზღუდვების დაწესებას ორი სახის ლითონის – გალიუმის და გერმანიუმის ექსპორტზე, რომლებიც ნახევარგამტარების და ელექტრომობილების წარმოებაში გამოიყენება.
ჩინეთმა გამოაცხადა, რომ 1-ელი აგვისტოდან გალიუმის და გერმანიუმის ექსპორტის მსურველებმა შესაბამისი ლიცენზიები უნდა აიღონ.
პეკინის ქმედება არის საპასუხო ნაბიჯი დასავლეთის შეზღუდვებზე, რომელიც მას ჩიპების წარმოებისთვის საჭირო მასალებზე დაუწესეს.
„ჩვენ შეგვიძლია ელექტრო მანქანების დამზადება, მაგრამ ვიბრძვით ჩვენი მომარაგების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, – თქვა სენარდმა.
ჩინეთის მიერ შეზღუდვების შემოღება კიდევ უფრო ამწვავებს ტექნოლოგიურ ბრძოლას აშშ-თან. ეს დაპირისპირება არღვევს გლობალური მიწოდების ქსელებს და სიტუაცია თუ გაუარესდა, ევროპა იძულებული იქნება, ალტერნატივები ეძებოს.
სენარდის შეფასებით, თუ რეალური გეოპოლიტიკური კრიზისი დაიწყო და ნედლეულის დეფიციტი გაჩნდა, მათ ბატარეების ჩანაცვლება მოუწევთ ალტერნატიული რესურსით, როგორიცაა სინთეზური ელექტრონული საწვავი და წყალბადი.
აშშ ასევე შეშფოთებულია ჩინეთის მიერ მიკროჩიპების იშვიათი ელემენტების ექსპორტზე შეზღუდვების შემოღებით.
როგორც ცნობილია, შეერთებული შტატები ჩინეთში ჩიპების ექსპორტის აკრძალვას განიხილავს, მათი სამხედრო და კიბერინდუსტრიაში გამოყენების გამო. ბაიდენმა პირობა დადო, რომ ჩიპების საწინააღმდეგო კამპანიაში აშშ-ს მოკავშირეებს ჩართავს.