იტალიური მოდის სახლის – Prada SpA-ს მოგება თითქმის ორი მესამედით გაიზარდა 2023 წლის პირველ ნახევარში. კომპანიას გაყიდვების ორნიშნა ზრდა ჰქონდა თითქმის ყველა რეგიონში.
ამჟამად კომპანიას 612 მაღაზია აქვს 70-ზე მეტ ქვეყანაში. კომპანიის ბრენდებს შორისაა Miu Miu (ახალგაზრდული ხაზი), Car Shoe (ტანსაცმელი და ფეხსაცმელი) და Church’s (ინგლისური ფეხსაცმლის მწარმოებელი).
კომპანიის მოგებამ იანვარ-ივნისში €305 მილიონი შეადგინა, რაც 62%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
მოდის სახლის შემოსავალი წინა წელთან შედარებით 20%-ით გაიზარდა და €2,23 მილიარდ შეადგინა.
საცალო გაყიდვები გაიზარდა 21%-ით. Prada-ს ბრენდის გაყიდვები გაიზარდა 18%-ით, ხოლო Miu Miu-ს გაყიდვები –50%-ით.
ყველაზე მეტად Prada-ს გაყიდვები იაპონიაში გაიზარდა (49%-ით). აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში საცალო გაყიდვები გაიზარდა 25%-ით, ევროპაში – 24%-ით, ახლო აღმოსავლეთში – 14%-ით, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში მაჩვენებელი 1%-ით შემცირდა.
კომპანია, რომელსაც თავდაპირველად Prada Brothers ერქვა და ძირითადად ტყავის ნაწარმს ყიდის, 1913 წელს მარიო პრადამ და მისმა ძმამ მარტინომ მილანში დაარსეს. 1978 წელს კომპანია მარიოს შვილიშვილმა, მიუჩია პრადამ მემკვიდრეობით მიიღო.