OpenAI-ის 770 თანამშრომლიდან 700-ზე მეტი იმუქრება, რომ სამუშაოდ Microsoft-ში გადავა, თუ დირექტორთა საბჭო (რომელმაც გენერალური დირექტორის თანამდებობიდან დაითხოვა სემ ალტმანი) არ გადადგება.
OpenAI-ის თანამშრომელთა უმეტესობამ და ChatGPT-ის დეველოპერმა ხელი მოაწერეს წერილს დირექტორთა საბჭოს ცვლილების მოთხოვნით. ამის შესახებ Bloomberg წერს.
ისინი ალტმანის თანამდებობაზე აღდგენას მოითხოვენ.
წერილში ნათქვამია, რომ მათ არ შეუძლიათ იმუშაონ იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც არ გააჩნიათ საკმარისი კომპეტენცია და არ შეუძლიათ იზრუნონ თანამშრომლებზე.
„Microsoft-მა დაგვარწმუნა, რომ იქნება ვაკანსიები OpenAI-ის ყველა თანამშრომლისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.
წერილის ხელმომწერთა შორის არის ილია სუცკევერი, დირექტორთა საბჭოს წევრი და OpenAI-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო სემ ალტმანის თანამდებობიდან გათავისუფლებაში.
სუცკევერმა 20 ნოემბერს თქვა, „ნანობს, რომ მონაწილეობდა დირექტორთა საბჭოს ქმედებებში”.
OpenAI-ის დირექტორთა საბჭომ ალტმანი 17 ნოემბერს გაათავისუფლა საბჭოსთან არასათანადო კომუნიკაციის მოტივით.
ალტმანთან ერთად კომპანია OpenAI-ის პრეზიდენტმა გრეგ ბროკმანმა და რამდენიმე წამყვანმა დეველოპერმა დატოვეს. გადაწყვეტილება გააკრიტიკეს ინვესტორებმა და თანამშრომლებმა, რის შემდეგაც დირექტორთა საბჭომ დაიწყო მოლაპარაკება ალტმანთან მის უკან დაბრუნებაზე.
OpenAI-ის დატოვების შემდეგ, სემ ალტმენი Microsoft-ში გადავიდა, სადაც ხელოვნური ინტელექტის უახლესი კვლევის ჯგუფს ხელმძღვანელობს.
ალტმანის თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ, OpenAI-ის დირექტორთა საბჭომ აღმასრულებელი დირექტორის პოსტზე Twitch-ის ყოფილი ხელმძღვანელი ემეტ შირი დანიშნა.