ნავთობის უმსხვილესი მწარმოებლები მოპოვების ნებაყოფლობით შემცირებაზე შეთანხმდნენ.
OPEC+ 2024 წლის პირველ კვარტალში გლობალურ ბაზარს დღიურად 2,2 მილიონი ბარელით ნაკლებ ნავთობს მიაწვდის. აქედან საუდის არაბეთის და რუსეთის ნებაყოფლობითი შემცირება 1.3 მილიონ ბარელს შეადგენს.
OPEC+-ის წევრი ქვეყნების მიზანია, არ დაუშვან ნავთობის სიჭარბე ბაზარზე, რაც მაღალი ფასის შენარჩუნების საშუალებას მისცემთ.
OPEC+-ის გადაწყვეტილების შემდეგ ნავთობის გლობალური ფასი დაახლოებით 2%-ით დაეცა. ეს მოხდა ნაწილობრივ იმის გამო, რომ შემცირება ნებაყოფლობითი იყო და ამასთანავე, ინვესტორებს უფრო დიდი შემცირების მოლოდინი ჰქონდათ.
საუდის არაბეთი, რუსეთი და OPEC+-ის სხვა წევრები, რომლებიც მსოფლიო ნავთობის 40%-ზე მეტს აწარმოებენ, ხუთშაბათს ონლაინ შეიკრიბნენ, რათა ბაზარზე საწვავის მიწოდების პოლიტიკა განეხილათ.
OPEC+-ის გამომუშავება ამჟამად დაახლოებით 43 მილიონი ბარელია დღეში, რაც უკვე დაახლოებით 5 მილიონი ბარელით შემცირებას ნიშნავს.
საუდის არაბეთი, რუსეთი, არაბეთის გაერთიანებული საემიროები, ერაყი, ქუვეითი, ყაზახეთი და ალჟირი შეთანხმდნენ, რომ მოპოვება პირველი კვარტლის შემდეგაც ეტაპობრივად შემცირდება.
OPEC+-მა ჯგუფის წევრად მიიწვია ბრაზილია, რომელიც კავშირს სავარაუდოდ, იანვარში შეუერთდება.