OPEC და მისი მოკავშირეები მორიგ შეხვედრას მართავენ, რასაც შეიძლება მოჰყვეს ნავთობის მოპოვების 1 მილიონი ბარელით შემცირება დღეში. ამის შესახებ Reuters წერს.
ნავთობმომპოვებლებმა ბაზარზე ჭარბი მიწოდების და ფასების კლების საფრთხე დაინახეს, ამიტომ ახლა წარმოების შემცირებაზე მსჯელობენ.
OPEC+, რომელიც აერთიანებს ნავთობის ექსპორტიორებს და მოკავშირე ქვეყნებს, რომელსაც რუსეთი ხელმძღვანელობს, ნედლი ნავთობის დაახლოებით 40%-ს ამუშავებს, რაც ნიშნავს, რომ მისმა პოლიტიკამ შეიძლება, მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს ნავთობის გლობალურ ფასებზე.
OPEC-ის წარმომადგენლებს გადაწყვეტილებების დეტალები ჯერჯერობით არ დაუზუსტებიათ, თუმცა, Reuters-ის წყაროების ინფორმაციით, ნავთობის მოპოვება დღიურად სავარაუდოდ 1 მილიონი ბარელით შემცირდება. ეს დაემატება 1.6 მილიონი ბარელის ნებაყოფლობით შემცირებას, რომელიც მაისიდან შევიდა ძალაში.
თუ შემცირების გეგმა ამ ფორმით დამტკიცდება, მთლიანი მოპოვება 4,66 მილიონ ბარელამდე დაიწევს, რაც გლობალური მოთხოვნის დაახლოებით 4,5%-ია.
როგორც წესი, შემცირება ძალაში შედის შეთანხმებიდან ერთი თვის შემდეგ, მაგრამ მინისტრებს შეუძლიათ მის გადადებაზეც მოილაპარაკონ.
დასავლეთის ქვეყნები OPEC-ს ნავთობის ფასებით მანიპულირებაში ადანაშაულებენ. დასავლეთმა ორგანიზაცია ასევე დაადანაშაულა რუსეთის მხარდაჭერაში.
ამის საპასუხოდ, OPEC-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ბოლო ათწლეულში დასავლეთის მიერ ფულის დიდი ოდენობით დაბეჭდვამ ინფლაცია გამოიწვია და ნავთობის მწარმოებელი ქვეყნები აიძულა, ნავთობის ღირებულების შენარჩუნებაზე ეზრუნათ.
აპრილში მოპოვების შემცირებას ნავთობის ფასის აწევა მოჰყვა. ბარელის ფასი $87-ს გადასცდა, მაგრამ პარასკევს Brent-ის ფასი $76-ზე დაფიქსირდა.
ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო ელოდება, რომ ნავთობზე მოთხოვნა კიდევ გაიზრდება 2023 წლის მეორე ნახევარში, რაც ნავთობის ფასებს გაზრდის.