საუდის არაბეთი და OPEC+-ს სხვა წევრები დღიური მოპოვების დაახლოებით 1,65 მილიონი ბარელით შემცირებაზე შეთანხმდნენ და განაცხადეს, რომ ამ ნაბიჯით ნავთობის ბაზრის დასტაბილურება სურთ. შემცირებული ლიმიტით მოპოვება მაისიდან დაიწყება.
რუსეთი 500 000 ბარელით შემცირებულ მოპოვებას 2023 წლის ბოლომდე შეინარჩუნებს. არაბეთის ემირატები ასევე, 500 000-ით ნაკლებს მოიპოვებს. არაბეთის გაერთიანებული საემიროები მოპოვებას ამცირებს 144 000 ბარელით, ხოლო ერაყი 211 000 ბარელით, ქუვეითი – 128 000 ბარელით, ომანი – 40 000 ბარელით და ალჟირი – 48 000 ბარელით. ხოლო ყაზახეთი მოპოვებას 78 000 ბარელით შეამცირებს.
მოპოვების შემცირება შეერთებული შტატების უკმაყოფილებას იწვევს. აშშ ამტკიცებს, რომ მსოფლიო ეკონომიკას ზრდისთვის ნავთობზე დაბალი ფასები სჭირდება. ამასთანავე, ვაშინგტონის სურვილია, ნავთობის გაიაფებით რუსეთს შეუმცირდეს შემოსავლები, რასაც უკრაინაში ომის გასაგრძელებლად იყენებს.
ნავთობის ფასის კლება საბანკო კრიზისის საპასუხოდ დაიწყო და მარტის დასაწყისში $70-მდე დაეცა. თუმცა, შემდეგ ისევ ზრდა დაიწყო და ბოლო ვაჭრობაზე ბარელის ფასმა $80-ს მიაღწია. ამიტომ OPEC+-ისგან მოპოვების შემცირების გადაწყვეტილებას აღარ ელოდნენ.
ბაზრის ანალიტიკოსების პროგნოზით, OPEC+-ს გადაწყვეტილება ბარელი ნავთობის $10-ით გაძვირებას გამოიწვევს.