Nvidia-ს, AI(ხელოვნური ინტელექტის) ჩიპების წამყვანი მწარმოებლის აქციები 2.5%-ით $136,75-მდე დაეცა, მას შემდეგ, რაც კომპანიის წინააღმდეგ ჩინეთში დაიწყო გამოძიება ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევის გამო.
საქმე ეხება Nvidia-ს მიერ კომპანია Mellanox-ის შესყიდვას. $6,9 მილიარდიანი გარიგება 2019 წელს შედგა. Nvidia-მა გარიგებაზე თანხმობა ჩინეთის მარეგულირებლებისგან 2020 წელს მიიღო. ახლა იგივე სამსახური იძიებს, დაარღვია თუ არა Nvidia-მ გარიგების პირობები, კერძოდ, რამდენად სწორად მოხდა მათი პროდუქტების გაერთიანება.
ჩინეთის მარეგულირებლების ეს ნაბიჯი ბაიდენის ადმინისტრაციის ახალ შეზღუდვებს მოჰყვა. როგორც ცნობილია, შეერთებულმა შტატებმა ჩინეთიდან ჩიპების ექსპორტის შეზღუდვის გადაწყვეტილება მიიღო. შეზღუდვის სამიზნე 140 კომპანიაა.
ჩიპების ამერიკული მწარმოებელზე მარეგულირებლების მხრიდან ზეწოლა ბოლო წლებში გაძლიერდა. გასულ კვირას, კომპანია შეამოწმეს ევროკავშირის მარეგულირებლებმაც, რომლებმაც განაცხადეს, რომ ფირმის გაყიდვების პრაქტიკას იკვლევდნენ. ანტიმონოპოლიური დარღვევების გამო კომპანიის წინააღმდეგ გამოძიებას აწარმოებს იუსტიციის დეპარტამენტიც.
ჩიპების მწარმოებლის აქციები თითქმის 190%-ით გაიზარდა 2024 წელს, ხელოვნური ინტელექტის ბუმის გამო. ბოლო დროს უახლესი თაობის ჩიპების, Blackwell-ის და Rubin-ის გამოშვების შემდეგ, Nvidia-ს მიმართ ინვესტორების ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდა. Nvidia-მ გადაუსწრო Microsoft-ს და გახდა უოლ სტრიტის ერთ-ერთი ყველაზე ღირებული კომპანია.