Nike კვლავ გახდა მსოფლიოს ყევალზე ძვირად ღირებული ბრენდების რეიტინგის ლიდერი ტანსაცმლისა და აქსესუარების კატეგორიაში, რომელსაც Brand Finance ყოველწლიურად ადგენს. კვლევის მიხედვით, Nike რეიტინგში პირველ ადგილს 2015 წლიდან ინარჩუნებს.
ამერიკული ბრენდის ღირებულება მიმდინარე წლის განმავლობაში 5,6%-ით შემცირდა, მაგრამ ის მაინც ყველაზე ძვირად – $31,3 მილიარდად არის შეფასებული.
მეორე ადგილზე, როგორც 2022 წელს, ფრანგული ბრენდი Louis Vuitton-ია, რომლის ღირებულება 12,2%-ით გაიზარდა და $26,29 მილიარდი შეადგინა.
მესამე პოზიცია დაიკავა Chanel-მა, რომლის ფასი 27%-ით, $19,39 მილიარდამდე გაიზარდა და რეიტინგში Gucci ჩაანაცვლა .
რეიტინგში ყურადღებას იპყრობს ტანსაცმლის ჩინური ბრენდი Bosideng down, რომელმაც შეძლო ევროპის ბაზარზე შესვლა და დამკვიდრება.
წელს Bosideng აქტიურად თანამშრომლობდა ცნობილ დიზაინერებთან, მათ შორის ფრანგ დიზაინერთან ჟან პოლ გოტიესთან და კომპანიის პროდუქცია გამოჩნდა პრესტიჟულ ჩვენებებზე.
მიუხედავად იმისა, რომ Bosideng-ის ბრენდის ამჟამინდელი ღირებულება მხოლოდ $1,9 მილიარდია (47-ე ადგილი), Brand Finance მას პერსპექტიულად მიიჩნევს.
ტანსაცმლის ხაზის ყველაზე სწრაფად მზარდი ბრენდები:
ყველაზე სწრაფად მზარდი ბრენდი ფრანგული მოდის სახლი Celine გახდა, რომლის ღირებულება წლის განმავლობაში 51%-ით, $2,9 მილიარდამდე გაიზარდა. ავტორები ასეთ მნიშვნელოვან ზრდას კრეატიული დირექტორის – ჰედი სლიმანის საქმიანობას უკავშირებენ.
H&M-ისა და Zara -ს ბრენდების ღირებულება წინა წლის რეიტინგთან შედარებით, შესაბამისად, 26% და 15%-ით დაეცა.
ამ ბრენდების პოზიციების შესუსტება გამოწვეულია მათი არაგამჭვირვალე პოლიტიკით, რომელიც გარემოსდაცვით საკითხებს უკავშირდება.
გაირკვა, რომ H&M-ის ტანსაცმლის ხაზი Conscious Collection, რომელიც პოზიციონირებულია როგორც ეკოლოგიურად სუფთა და გადამუშავებული ნარჩენების გამოყენებით შექმნილი, რეალურად შეიცავს უფრო მეტ სინთეტიკურ მასალებს, ვიდრე ბრენდის ტრადიციული კოლექციები.