საქართველოს ყოველი მეექვსე მოქალაქე ემიგრაციაში წასვლაზე ფიქრობს, – ასეთი შედეგი აჩვენა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებულმა კვლევამ, რომელიც დღეს, 3 მაისს გამოქვეყნდა.
კითხვაზე, რამდენად მოსალოდნელია ან არ არის მოსალოდნელი, რომ მომდევნო 12 თვის განმავლობაში სამუშაოდ საზღვარგარეთ წახვიდეთ, გამოკითხულთა 15%-მა უპასუხა, რომ მოსალოდნელია; 82% ამბობს, რომ არ არის მოსალოდნელი; ხოლო 3%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის.
ქვეყნის დატოვების სურვილი შედარებით მაღალია ახალგაზრდა მოქალაქეებსა და კაცებს შორის.
კვლევის მიხედვით, თითქმის ყოველ მეექვსე მოქალაქეს უკვე ჰყავს უცხოეთში მცხოვრები ოჯახის წევრი, რომელიც მას რეგულარულად უგზავნის ფულს.
ემიგრაციაში წასვლის მსურველების რაოდენობა უფრო მაღალი იყო 2022 წლის დეკემბერში, ვიდრე 2023 წლის მარტში – გასულ წელს ემიგრაციაში წასვლაზე ფიქრობდა ყოველი მეხუთე ადამიანი, ანუ ქვეყნის მოსახლეობის 20%.
კვლევა 17-23 მარტის პერიოდში ჩატარდა. ის ემყარება საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის სატელეფონო გამოკითხვის შედეგებს ქვეყნის მასშტაბით, ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით.
მარტში ჩატარებული გამოკითხვა 1 032 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2%-ია.