საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody’s–მა საქართველოს საკრედიტო პერსპექტივა უარყოფითიდან სტაბილურით შეცვალა. ხოლო სუვერენული საკრედიტო რეიტინგი Ba2-ზე დონეზე დატოვა.
პერსპექტივის ცვლილებას Moody’s იმ რისკების დასტაბილურებით ხსნის, რაც რუსეთის უკრაინაში შეჭრით იყო გამოწვეული. სარეიტინგო სააგენტო ამასთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ გაზრდილი გეოპოლიტიკური რისკების დროს ქვეყნის ეკონომიკამ მნიშვნელოვანი გამძლეობა აჩვენა.
სარეიტინგო სააგენტო აღნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკურმა ინსტიტუტებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქვეყნის მდგრადობის გაუმჯობესებაში.
Moody’s 2024 წელს საქართველოში 5.5%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს.
სარეიტინგო სააგენტოს მოლოდინით, საქართველოში მშპ-ის ზრდა მაღალი დარჩება, რასაც მხარს დაუჭერს რეალური ხელფასების ზრდა და დასაქმება.
„2024 წელს მშპ-ს ზრდა 5,5%-მდე დასტაბილურდება და საშუალოვადიან პერსპექტივაში დარჩება 5-5,5%-ის მიდამოებში… საქართველოს ეკონომიკური მდგრადობისადმი ძლიერი ნდობა ამცირებს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის პოტენციურ რისკებს, რაც 2022 წლის აპრილში გამოცხადებულ სუვერენულ რეიტინგზე უარყოფითი პერსპექტივის მამოძრავებელი იყო”,- წერია ანგარიშში.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, რომელიც ქვეყნის მნიშვნელოვან სისუსტეს წარმოადგენს, სულ უფრო მცირდება.
Moody’s-ის შეფასებით, ბიუჯეტის დეფიციტი, რომელიც 2023 წლისთვის მშპ-ის დაახლოებით 2.6%-ს შეადგენს, 2024 წელს 1.1%-მდე შემცირდება.
„Moody’s-ს მიაჩნია, რომ დეფიციტის შემცირება სტრუქტურული ცვლილებებითაა გამოწვეული და ეს გაუმჯობესება გრძელვადიანია, რამდენადაც გაზრდილია როგორც სახელმწიფო დანაზოგები, ასევე, კერძო დანაზოგები შემოსავლების ციკლური ზრდისა და სტრუქტურული საპენსიო რეფორმების გამო“, – ნათქვამია ანგარიშში.
Moody’s საკუთარ შეფასებაში აღნიშნავს, რომ მოელის მაკროეკონომიკური მაჩვენებლების შენარჩუნებას.
Moody’s -მა შეფასებას ბოლოს 2022 წელს, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ გადახედა და გაზრდილი საფრთხის გამო, საქართველოს საკრედიტო პერსპექტივა სტაბილურიდან ნეგატიურით შეცვალა.