სარეიტინგო კომპანია Moody’s-მა შეერთებული შტატების საკრედიტო რეიტინგის პროგნოზი „სტაბილურიდან“ „ნეგატიურისკენ“ შეცვალა. ამის შესახებ სააგენტომ პარასკევს, 10 ნოემბერს განაცხადა.
ინსტიტუტი თავისი გადაწყვეტილების მიზეზად მაღალ საპროცენტო განაკვეთებს, არაეფექტურ ფისკალურ პოლიტიკას და შემოსავლების კლებას ასახელებს. ასევე, რეიტინგისთვის ნეგატიურად მიიჩნევს პოლიტიკურ პოლარიზაციას.
Moody’s-ის ამ გადაწყვეტილების მიუხედავად, შეერთებული შტატები Aaa საკრედიტო რეიტინგს ინარჩუნებს.
Moody’s-ის გადაწყვეტილებას, ასევე, ხელი შეუწყო აშშ-ის კონგრესში პოლიტიკურმა პოლარიზაციამ.
ეს ნაბიჯი ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ქვეყნის კრედიტუნარიანობა შემცირდება, თუმცა, ამის შანსები იზრდება.
აშშ-ის რეიტინგის შემცირების პერსპექტივასაც კი შეუძლია დააზარალოს ამერიკელების საინვესტიციო პორტფელი, კიდევ უფრო გააძვიროს მათთვის სესხები და უფრო ძვირი დაუჯდეს მთავრობას ვალების გადახდა.
„აშშ-ის კონგრესში მუდმივი პოლიტიკური პოლარიზაცია აჩენს რისკს, რომ მომდევნო მთავრობები ვერ შეძლებენ კონსენსუსის მიღწევას ფისკალურ გეგმაზე“, – განმარტა სარეიტინგო სააგენტომ.
თავის მხრივ, აშშ-ის ფინანსთა მინისტრის მოადგილე უოლი ადეემო ამტკიცებს, რომ ამერიკის ეკონომიკა კვლავაც „ძლიერი რჩება“.
„ამერიკის ეკონომიკა რჩება ძლიერი და სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო და ლიკვიდური აქტივია“, – ამტკიცებს ადეემო.
შეერთებულ შტატებში ინფლაციამ, აშშ-ის პოლიტიკურ ინსტიტუტებში უთანხმოებამ და გეოპოლიტიკურმა დაძაბულობამ ზიანი მიაყენა აშშ-ის მდგომარეობას და ასევე ხელი შეუწყო ეკონომიკის გაუარესებას.