დანიურმა გადამზიდავმა კომპანიამ Maersk-მა კლიენტები გააფრთხილა, რომ წითელი ზღვის კრიზისი ხანგრძლივი იქნება და ის შესაძლოა, მიმდინარე წლის მეორე ნახევარშიც გაგრძელდეს.
იემენის შეიარაღებული დაჯგუფების მიერ წითელ ზღვაში თავდასხმების შემდეგ, გადამზიდავმა უფრო გრძელ და ძვირადღირებულ მარშრუტებზე გადაინაცვლა, რამაც საოპერაციო ზარჯები გაუზარდა.
Maersk-მა სუეცის არხში გადაზიდვები გასულ თვეში შეწყვიტა, მას შემდეგ, რაც იემენის შეიარაღებულმა ძალებმა (YAF) მისი ორი გემი დააზიანეს.
სუეცის არხში, რომელიც ყველაზე მოკლე მარშრუტია აზიიდან ევროპაში, გლობალური კომერციული გადაზიდვების დაახლოებით 15% მოძრაობს. შესაბამისად, ლოჯისტიკური ბიზნესი ახლა განიცდის ხარჯების, მათ შორის, სადაზღვევო განაკვეთების ზრდას, გემების გადამისამართების გამო.
კიელის ინსტიტუტის შეფასებით, წითელ ზღვაში არსებულმა სიტუაციამ გლობალური ვაჭრობა 1,3%-ით შეამცირა, 2023 წლის ნოემბრიდან დეკემბრამდე პერიოდში.
ევროკავშირმა 19 თებერვალს დაიწყო ოპერაცია ASPIDES, რომელიც მიზნად ისახავს წითელ ზღვაში გემების დაცვას. ჯოზეფ ბორელის თქმით, ეს იქნება „თავდაცვითი“ ოპერაცია და ხმელეთზე არ განხორციელდება. ASPIDES, სავარაუდოდ, მიზნად ისახავს მხოლოდ სავაჭრო გემების დაცვას იემენელთა რაკეტების დაჭერით.