Lamborghini-მ თავისი პირველი ელექტროძრავიანი მოდელის პრეზენტაცია გამართა. Lamborghini Revuelto სპორტული ავტომობილების იტალიური ბრენდის პირველი ჰიბრიდული მოდელია. ამ მოდელს აქვს V12 ბენზინის ძრავი და დამატებით სამი ელექტროძრავი. ორივე სახეობის ძრავს ერთობლიობაში შეუძლია 1001 ცხენის ძალის გამომუშავება.
დაბალ სიჩქარეზე მოძრაობის დროს ელექტროძრავი იმუშავებს, ხოლო ტრასაზე, მაღალი სიჩქარის განვითარებისას, ორივე სისტემა ჩაირთვება.
ამ მოდელს ყველაფერი ახალი აქვს. განსხვავებულია ძრავის განლაგებაც, რაც საშუალებას იძლევა, მძიმე ბატარეების მიუხედავად, წონა მთელ მანქანაზე იდეალურად განაწილდეს. წონის 44% მანქანის წინა ბორბლებზე, ხოლო 56% უკანა მხარეზე მოდის.
ბენზინის ძრავის სიმძლავრე, ერთ ელექტროძრავთან ერთად, უკანა ბორბლებს 8-სიჩქარიანი ტრანსმისიის საშუალებით გადაეცემა. ხოლო დანარჩენი ორი ელექტროძრავი მანქანის თითოეულ წინა ბორბალს ამუშავებს.
Lamborghini-ს ჯერჯერობით არ უთქვამს, მარტო ბატარეით მანქანას რა მანძილის გავლა შეუძლია.
წონის შემცირების მიზნით, მანქანის კორპუსი ძირითადად ნახშირბადის ბოჭკოებისგან დამზადდა. უკანა ნაწილის კონსტრუქციები დამზადებულია ალუმინის შენადნობებისგან. ახალი V12 ძრავი ასევე ოდნავ მსუბუქია Aventador-ის მოდელთან შედარებით.
რა ეღირება ახალი Revuelto
Lamborghini-ს ჯერ არ დაუსახელებია Revuelto-ს ფასი, თუმცა, თქვა, რომ ახალი ჰიბრიდული მოდელი არსებულ მოდელბეზე გაცილებით ძვირი ეღირება.
ბოლო V12 მოდელის Lamborghini Aventador-ის ფასები დაახლოებით $0,5 მილიონიდან იწყება.
Lamborghini-ს შემდეგი ახალი მოდელი, სრული ელექტრომობილი იქნება. მის გამოშვებას კომპანია 2028 წლისთვის გეგმავს. ელექტრომანქანა ოთხადგილიანი იქნება და არა ტრადიციული სუპერმანქანა. კომპანიის ხელმძღვანელობის თქმით, Lamborghini-ს ელექტრო სუპერმანქანის წარმოება შეუძლებელია, რადგან ბატარეები ძალიან მძიმეა.