გალტ&თაგარტის პროგნოზით, საშუალოვადიან პერიოდში საქართველოს IT სექტორში ექსპორტის გაორმაგებაა მოსალოდნელი.
ასეთი ოპტიმისტური პროგნოზის საფუძველს იძლევა IT სერვისებზე სწრაფად მზარდი მოთხოვნა და ქართული კომპანიების გლობალური მიწოდების ჯაჭვებში ჩართულობა. შესაბამისად, ამ სექტორის საექსპორტო პოტენციალი მაღალია და საშუალოვადიან პერიოდში ექსპორტის გაორმაგებაა მოსალოდნელი.
ასეთი შეფასება გალტ&თაგარტ-მა საქართველოს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სექტორის(ICT) კვლევის შედეგად გააკეთა.
ამჟამად IT სექტორში 24,117 კომპანია ოპერირებს. აქედან, საშუალო და მსხვილი ზომის კომპანიების რაოდენობა 72-ია და დანარჩენი ძირითადად უცხოელი ინდივიდუალური მეწარმეები არიან, რაც მიგრანტების ეფექტს უკავშირდება.
IT საქართველოში ყველაზე სწრაფად მზარდი დარგია 2022 წლიდან, დარგი ექსპორტზეა
ორიენტირებული, რომლის მოცულობამ 2023 წელს $892 მლნ შეადგინა.
სექტორის პოტენციალი
„დარგისთვის ადგილობრივი ბაზრის ათვისება დამატებითი პოტენციალია – საქართველოში ბიზნესის მიერ ტექნოლოგიების გამოყენების დონე დაბალია და მნიშვნელოვნად ჩამორჩება ევროკავშირის საშუალოს.
ამ პოტენციალის ათვისებისთვის მიზანშეწონილია IT სერვისებზე საგადასახადო შეღავათები საქართველოში გაწეულ მომსახურებაზეც გავრცელდეს, რაც ასევე ეკონომიკურ ზრდას და პროდუქტიულობას დააჩქარებს”,- აღნიშნულია გალტ&თაგარტის კვლევაში. .
სექტორის გამოწვევები
სექტორის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევებია კვალიფიციური მუშახელის ნაკლებობა (რაც საერთაშორისო ინდექსებშიც ჩანს) და ინტერნეტის დაბალი სიჩქარე. ასევე კადრების შესაძლო გადინება როგორც მიგრანტების, ისე ადგილობრივი სპეციალისტების სახით.