საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს განცხადებით, საქართველოს მთავრობა გადაწყვეტილებებს გაუმჭვირვალე რეჟიმში იღებს და გადაწყვეტილებებს მალავს.
მთავრობამ 2022 წელს მიღებული 372 განკარგულებიდან, არცერთი გაასაჯაროვა,- ნათქვამია საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს განცხადებაში.
არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, აღნიშნული დოკუმენტების მიღება საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის გზითაც შეუძლებელი. მთავრობის ადმინისტრაციამ შარშან მათი გაგზავნილი 47 წერილიდან არცერთს უპასუხა.
ორგანიზაცია ვარაუდობს, რომ გადაწყვეტილებებს ასეთ დახურულ რეჟიმში მიღება აჩენს ეჭვს, რომ მიზანი პრობლემური გადაწყვეტილებების დამალვაა.
„განკარგულებების 40% 372-დან 150-კონკრეტული პირებისთვის სახელმწიფო ქონების სხვადასხვა ფორმით გადაცემას ეხებოდა, რაც კორუფციული რისკის შემცველია. ამ რისკს ამყარებს სახელმწიფო ქონების სავარაუდო უკანონო გადაცემასთან დაკავშირებით გამომძიებელი ჟურნალისტების მიერ წარსულში გამოვლენილი შემთხვევების არსებობაც. გარდა იმისა, რომ განკარგულებების გამოუქვეყნებლობით მთავრობა სხვა საჯარო დაწესებულებებს ცუდ მაგალითს აძლევს, ის ერთდროულად რამდენიმე სამართლებრივ აქტსაც არღვევს: ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მუხლებს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე; მთავრობის რეგლამენტს განკარგულებების მაქსიმუმ 3 დღეში ვებგვერდზე ატვირთვასთან დაკავშირებით; მთავრობის დადგენილებას, ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნებაზე”,- აღნიშნავს საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო.
ორგანიზაცია მოუწოდებს მთავრობის ადმინისტრაციას, უარი თქვას განკარგულებების დამალვის მავნე პრაქტიკაზე, შეასრულოს კანონის მოთხოვნა და გამოაქვეყნოს ყველა დოკუმენტი, როგორც მის ოფიციალურ ვებგვერდზე, ისე საკანონმდებლო მაცნეზე.