ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტი(ISW) ამბობს, რომ რუსეთი აძლიერებს მზადებას ნატოსთან მასშტაბური ომისთვის და ეს შეიძლება იმაზე ადრე მოხდეს, ვიდრე აქამდე ვარაუდობდნენ.
ISW-ის შეფასებით, რუსეთის ძალისხმევა მისი ეკონომიკის გაძლიერებისთვის, მხოლოდ უკრაინასთან ომის დაფინანსებას არ ითვალისწინებს და ეს შესაძლოა, ნიშნავდეს იმას, რომ ის ნატოსთან ომისთვის ემზადება.
„რამდენიმე ფინანსური, ეკონომიკური და სამხედრო ინდიკატორი მეტყველებს იმაზე, რომ რუსეთი ემზადება ფართომასშტაბიანი კონვენციური კონფლიქტისთვის ნატოსთან, არა მყისიერად, მაგრამ სავარაუდოდ უფრო მალე, ვიდრე ამას ზოგიერთი დასავლელი ანალიტიკოსი თავდაპირველად ამტკიცებდა“, – წერს ISW 20 მარტის ანგარიშში.
ანალიტიკური ცენტრი ყურადღებას ამახვილებს ვლადიმერ პუტინის, მეხუთე საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, რუსეთის დუმაში გამართულ შეხვედრაზე. მისი ძირითადი აქცენტები ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას შეეხებოდა.
„პუტინის მცდელობები რუსეთის ეკონომიკისა და ფინანსების სტაბილიზაციისთვის, სავარაუდოდ, რუსეთის ფინანსური და საშინაო მზადების ნაწილია ნატოსთან პოტენციური სამომავლო ფართომასშტაბიანი კონფლიქტისთვის და არა მხოლოდ უკრაინაში გაჭიანურებული ომისთვის“,- აღნიშნავს ISW თავის ანგარიშში.
შეხვედრაზე ასევე გამოჩნდა, რომ პუტინი ამზადებს ქვეყნის მდიდარ ელიტას ნატოსთან მომავალი ომის დასაფინანსებლად.
„პუტინმა მიანიშნა, რომ მათ მოუწევთ “გარკვეული მსხვერპლი გაიღონ” რუსეთის ფინანსური სტაბილურობისთვის”,- აღნიშნა ISW-მა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ანალიტიკოსები ამბობენ, რომ რუსეთსა და ნატოს შორის ომი შესაძლოა გარდაუვალი იყოს. ესტონეთის დაზვერვამ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ “რუსეთი დასავლეთთან დაპირისპირებისთვის ემზადება”.
”რუსეთმა აირჩია გრძელვადიანი დაპირისპირების გზა. კრემლი ნატოსთან შესაძლო კონფლიქტს უახლოეს ათწლეულში ელის”, – თქვა ესტონეთის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა კაუპო როსინმა.