საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) ამცირებს გლობალური ზრდის პროგნოზს 2025 წლისთვის და ქვეყნებს ომებისა და სავაჭრო პროტექციონიზმის რისკების შესახებ აფრთხილებს. ამავდროულად, ორგანიზაციამ ცენტრალური ბანკები შეაქო ინფლაციის შეკავების გამო.
”რისკები იზრდება და გაურკვევლობა მატულობს გლობალურ ეკონომიკაში”, – თქვა IMF-ის მთავარმა ეკონომისტმა პიერ-ოლივიე გურინჩასმა ბრიფინგზე. მისი თქმით, „არსებობს გეოპოლიტიკური რისკი, რომელიც უკავშირდება რეგიონული კონფლიქტების ესკალაციის შესაძლებლობას“, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს სასაქონლო ბაზრებზე.
სსფ-ის პროგნოზით, 2025 წელს გლობალური წარმოება 3,2%-ით გაიზრდება, რაც 0,1 პროცენტული პუნქტით შემცირებულია, წინა შეფასებასთან შედარებით. ასევე, 2025 წელს ინფლაცია შენელდება 4,3%-მდე წლევანდელი 5,8%-დან.
მიმდინარე წლის პროგნოზი უცვლელი დარჩა და ის 3,2% იქნება.
ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ტარიფები და ქვეყნებს შორის სავაჭრო პრობლემები 2026 წელს გლობალურ ეკონომიკას 0,5%-ით შემცირების რისკის ქვეშ აყენებს.
ფონდი უკვე წლებია ამბობს, რომ გლობალური ეკონომიკის ამ დონეზე ზრდა ძალიან ცოტაა სიღარიბის შესამცირებლად და კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად.
სსფ გლობალური სახელმწიფო ვალის ზრდაზე ამახვილებს ყურადღებას, რომელმაც წლის ბოლოსთვის შეიძლება მიაღწიოს $100 ტრილიონს, ანუ გლობალური მშპ-ს 93%-ს. ვალის ზრდა განპირობებულია აშშ-ით და ჩინეთით.
სავალუტო ფონდის პროგნოზი ევროზონისთვის 2024 წლისთვის 1,2%-მდე შემცირდა, რაც 0,3%-ით დაბალია ივლისის პროგნოზზე, გერმანიასა და იტალიაში წარმოების სექტორში არსებული პრობლემების გამო.
ჩინეთის ზრდის პროგნოზი მიმდინარე წლისთვის შემცირდა 4,8%-მდე 5%-დან, ხოლო 2025 წლის პროგნოზი 4,5%-ზე შენარჩუნდა. ფონდმა გაზარდა აშშ-ს პროგნოზი ამ წლისთვის 2.8%-მდე და 2.2%-მდე მომავალ წელს, მოხმარების ზრდის გამო.