IKEA-მ რუსეთში საწარმოები მთლიანად გაყიდა. ავეჯის ქარხანა კომპანია Invest Plus-მა იყიდა, რომლის 99% ეკუთვნის ბიზნესმენ ვადიმ ოსიპოვს, კომპანია Slotex-ის თანამფლობელს.
გასულ კვირას IKEA-მ რუსეთში თავისი ორი სხვა ქარხანაც გაყიდა, რომლებიც ხეტყის კომპანია Luzales-მა შეიძინა. ტრანზაქციების საერთო ღირებულება, დაახლოებით $200 მილიონამდეა. IKEA-მ ქარხნები გაყიდა, თუმცა, ავეჯის წარმოების უფლების გადაცემაზე უარი თქვა.
Slotex აწარმოებს ავეჯის დაფებს, სამზარეულოს ავეჯისთვის ფასადებს და სამზარეულოს მაგიდის ზედაპირებს, რომლითაც ასევე, IKEA მარაგდებოდა.
IKEA-მ რუსეთის ბაზრის დატოვება უკრაინაში ომის დაწყებიდან მალევე, 2022 წლის მარტში გადაწყვიტა. ახლა რუსეთში, IKEA-ს მხოლოდ მეგა სავაჭრო ცენტრის ქსელი რჩება, რომლის საერთო ფართობი 2.34 მილიონი კვადრატული მეტრია. როგორც მედია წერს, კომპანია მის გაყიდვაზე მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს.
რუსეთში IKEA-ს ქარხნების შეძენით 30-მდე კომპანია იყო დაინტერესებული, მათ შორის მილიარდერის – ვლადიმერ ევტუშენკოვის AFK Sistema. საბოლოოდ, მათ უარი თქვეს შესყიდვაზე იმის გამო, რომ წარმოებული პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზეა ორიენტირებული, სადაც ექსპორტი გართულდა.