დაფარული საჯარო ინფორმაცია
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ინფორმაციით, 2022 წელს საჯარო უწყებებმა ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვნად შეზღუდეს. ორგანიზაციას საჯარო უწყებები ინფორმაციის გაცემაზე, ხშირ შემთხვევაში, უარს ეუბნებიან. IDFI-ის შეფასებით, 2022 წელს 130 საჯარო დაწესებულების ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაჩვენებელი 50%-ზე ნაკლებია;
მათ შორის, ყველაზე დახურული კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო. უწყებამ IDFI-ს ყველა მოთხოვნა უპასუხოდ დატოვა. ორგანიზაციის შეფასებით, ყოფილი იუსტიციის და მოქმედი კულტურის მინისტრი მიზანმიმართულად ზღუდავს მის მმართველობაში მყოფ ადმინისტრაციულ ორგანოებში ინფორმაციის ხელმისაწვდომობას. ასევე უარყოფითად არის შეფასებული საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, რომელიც, წლების განმავლობაში არღვევს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და მნიშვნელოვნად აფერხებს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას. ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მხრივ, მთავრობის ადმინისტრაციის მაჩვენებელმა მხოლოდ 18,31% შეადგინა.
IDFI-ს შეფასებით, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები აქვთ, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას 95,36% და საქართველოს პარლამენტის აპარატს- 85,39%
რატომ მალავენ საჯარო უწყებები ინფორმაციას?
აღსანიშნავია, რომ საჯარო ინფორმაციის გაცემა შეზღუდეს ისეთმა უწყებებმა, რომლებიც ადრე გაცილებით ღია იყვნენ. წინა წელთან შედარებით გაგზავნილ მოთხოვნებზე მიღებული პასუხები გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ -88%-ით შეამცირა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ – 84%-ით, ჯანდაცვის სამინისტრომ -66%-ით, სამინისტროებს დაქვემდებარებული სსიპ-მა -65%-ით, სახელმწიფო რწმუნებულების (გუბერნატორების) ადმინისტრაციებმა -26%-ით.
მთლიანობაში, 2022 წელს საჯარო დაწესებულებებიდან მიღებული პასუხების მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 24%-ით შემცირდა და 58% შეადგინა. ეს მაჩვენებელი 2010 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი შედეგია.
უმეტეს შემთხვევაში, ორგანიზაციის მიერ ამ უწყებებიდან გამოთხოვილი ინფორმაცია არასრულყოფილია. 2022 წელს სრულყოფილად გაცემული პასუხების მაჩვენებელი მხოლოდ 33%-ია. ასეთი დაბალი შედეგი 2010 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა.
ამასთან, საჯარო უწყებები არღვევენ ინფორმაციის გაცემის კანონით დადგენილ ვადებს. 2022 წელს საჯარო ინფორმაციის დროულად გაცემის მაჩვენებელი 19%-ით შემცირდა და 35% შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებელი 2010 წლის შემდეგ ყველაზე დაბალია.
IDFI-მ 56 ადმინისტრაციული საჩივარი და 16 ადმინისტრაციული სარჩელი მოამზადა. როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, დავის სამართლებრივი სირთულის მიუხედავად, სასამართლომ წარმოებაში მიღებულ ყველა საქმეზე 5 თვით გაახანგრძლივა საქმის განხილვის ვადა.
IDFI-ს შეფასებით, მოკლევადიან პერიოდში გაუარესების ასეთი მასშტაბი საჯარო უწყებების მიერ ინფორმაციის დაფარვის სურვილით არის გამოწვეული. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ეს „აჩენს მნიშვნელოვან ეჭვებს საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკურ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, შეზღუდოს ქვეყანაში ინფორმაციის თავისუფლება”.