ისტორიის დასაწყისი
Harley-Davidson-ის ისტორია მეოცე საუკუნის დასაწყისში, ამერიკაში დაიწყო ორი ახალგაზრდის – უილიამ სილვესტერ ჰარლისა და არტურ დევიდსონის მეგობრობით.
უილიამ სილვესტერ ჰარლი მილუოკში, უისკონსინის შტატში 1880 წლის 29 დეკემბერს დაიბადა. ის 15 წლის ასაკში უკვე მუშაობდა ველოსიპედების ქარხანაში ხოლო, მოგვიანებით – Barth Manufacturing Company-ში. სწორედ აქ გაიცნო არტურ დევიდსონი.
არტურიც მილუოკში, 1881 წლის 11 თებერვალს დაიბადა.
დაახლოებით 1901 წელს უილიამმა და არტურმა დაიწყეს ველოსიპედებზე ადაპტირებული ერთცილინდრიანი ძრავების შექმნა, თუმცა, სამუშაო პროცესში გადაწყვიტეს, რომ შეექმნათ უფრო დიდი მოცულობის ძრავა. ასე დაიბადა მსოფლიოში მოტოციკლების ნომერ პირველი მწარმოებელი.
უილიამ ჰარლიმ და არტურ დევიდსონმა თავიანთი პირველი მოტოციკლი მილუოკში, დევიდსონის სახლის უკანა ეზოში, 1903 წელს გაყიდეს. იმავე წელს მათ შეუერთდათ არტურის ძმა უოლტერი. მოგვიანებით კი სამეულს დევიდსონების მესამე ძმა – უილიამ დევიდსონიც დაემატა.

1905 წლის იანვარში ადგილობრივი ჟურნალი იუწყებოდა Harley-Davidson-ის ძრავების გაყიდვების შესახებ; ხოლო მოტოციკლები ჯერ შეზღუდული რაოდენობით იყიდებოდა.
ლოგო და კომპანიის დასახელებაც ძალიან მარტივი იყო: Harley & Davidson Company.
წარმატების დასაწყისი – გზა მსოფლიოს უმსხვილეს მწარმოებლამდე
მალე არტურმა დილერების ძლიერი ქსელი ჩამოაყალიბა და ხელი შეუწყო კომპანიის უცხოურ ბაზრებზე გასვლას. როცა პირველმა დილერმა 3 მოტოციკლი გაყიდა, ეს იყო საკმაო მოტივაცია იმისთვის, რომ მეგობრებს თავიანთი პირველი მაღაზია გაეხსნათ.
1906 წელს კი გახსნეს პირველი ქარხანა, რომელიც დღესაც არსებობს და სწორედ ამ სივრცეშია განთავსებული კომპანიის სათავო ოფისიც. ქარხნის დაარსებიდან პირველ წელს 50 მოტოციკლი ააწყვეს, ხოლო მომდევნო წელს წარმოება 150-მდე გაზარდეს.
უილიამ ჰარლმა ინჟინრის განათლება მედისონის უნივერსიტეტის ინჟინერიის სკოლაში მიიღო, 1907 წელს დაბრუნდა კომპანიაში და კიდევ უფრო დახვეწა და განავითარა წარმოების ხარისხი.
1907 წლის 17 სექტემბერს დამფუძნებლებმა დააარსეს Harley Davidson Motor Company და უოლტერი კომპანიის პირველ პრეზიდენტად და გენერალურ მენეჯერად დაასახელეს. სწორედ ამ წელს მთავრობამ კომპანიისგან ადგილობრივი პოლიციისთვის შეისყიდა მოტოციკლები.
პირველი მსოფლიო ომის დროს ბევრი კომპანია გაკოტრდა და დაიხურა. Harley-Davidson-ის წლიური გაყიდვებიც საკმაოდ შემცირდა, თუმცა მეგობრებმა გამოსავალი მალევე იპოვეს და ამ პერიოდში კომპანიამ აქსესუარების წარმოება დაიწყო.
მოტოციკლების საკმაოდ დიდი ნაწილი სამხედრო დანიშნულებით იქმნებოდა და მალე Harley-Davidson მსოფლიოს უმსხვილეს მწარმოებლად იქცა. მისი პროდუქცია უკვე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში იყიდებოდა.
წლების მანძილზე იხვეწებოდა მოტოციკლის როგორც დიზაინი, ისე ძრავის მახასიათებლები, 1921 წელს ძრავს უკვე 160 კმ/სთ-ის განვითარება შეეძლო.
მალე მეორე მსოფლიო ომიც დაიწყო და კომპანიამ ისევ მიიღო მთავრობისგან ახალი მსხვილი დაკვეთა, რომლის მთავარი მოთხოვნა სამხედრო მიზნებისთვის გამოყენება იყო.

Harley-Davidson ყოველთვის ფეხს უწყობდა დროს და ომის დასრულების შემდეგ სამოქალაქო და სპორტული მოტოციკლების წარმოება დაიწყო.
არსებობის მანძილზე კომპანიას უამრავი კრიზისის, ომებისა თუ სხვა დაბრკოლებების გადალახვა უწევდა, მაგრამ სწორი ხედვისა და სტრატეგიისა წყალობით მუდმივად ახერხებდა ძველი პოზიციების დაბრუნებას; სირთულეებში სწორედ შესაძლებლობებს ხედავდა და ზუსტად ეს არის ბრენდის წარმატების საიდუმლოც – ეს ქმნის მის განსხვავებულ Life style-ს გამორჩეული შტრიხებითა და დამახასიათებელი კულტურით. ბრენდი მუდმივად იხვეწებოდა, თუმცა, არც სიახლეებზე ამბობდა უარს, აწარმოებდა მანქანებსაც.
უილიამ ჰარლი ყოველთვის გამოირჩეოდა ნოვატორული, თუმცა, წინდახედული იდეებით, თუნდაც „დიდი დეპრესიის“ წლებში. მას ჰქონდა პრაქტიკული მიდგომები თანამშრომლებთან. ოთხი ათეული წლის განმავლობაში სწორედ მისი ზედამხედველობით იქმნებოდა Harley-Davidson-ის ყველაზე მნიშვნელოვანი მოდელები.
უილიამ ჰარლი 1943 წლის 18 სექტემბერს, 63 წლის ასაკში გარდაიცვალა. 1950 წლის დეკემბერში არტურ დევიდსონიც გარდაიცვალა ავტოავარიაში. კომპანიის სადავეები მათმა მომავალმა თაობამ ჩაიბარა და საკმაოდ წარმატებითაც გააგრძელა ინდუსტრიის მართვა.
Harley-Devidson – ბრენდი, რომელიც არ ბერდება
1965 წელს Harley-Devidson-მა აქციები გაყიდა და კომპანია საჯარო გახდა. 1969 წელს კი ის American Machine and Foundry-თან გაერთიანდა. თუმცა, ეს არ იყო წარმატებული ერთობა და 1981 წელს საქმიანობა კვლავ დამოუკიდებლად გააგრძელა.
80-იან წლებში მსოფლიო ბაზარზე დიდი კონკურენცია იწყება – იაპონური მოტოციკლების წარმოებამ მნიშვნელოვანი პრობლემები შეუქმნა კომპანიას, თუმცა, სწორი მენეჯმენტისა და სტრატეგიის წყალობით, ახალი მოდელების შექმნით, კომპანიამ ისევ დაიბრუნა ლიდერობა.
1983 წელს დაარსდა დევიდსონის მოტოციკლის მფლობელთა კლუბი – Harley Owners Group. დღეს კლუბი 10 მილიონზე მეტ წევრს ითვლის.

2006 წელს Harley-Devidson ჩინეთის ბაზარზე გავიდა, რაც საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა – კომპანიის წლიურმა შემოსავალმა $6 მილიარდს გადააჭარბა. 2010 წელს კი ინდოეთის ბაზარიც მოიცვა.
დღეისთვის კომპანია მოტოციკლების გარდა Harley-Davidson-ის სავაჭრო ნიშნის ქვეშ სხვადასხვა პროდუქციას აწარმოებს.
წყარო: artsandculture.google motorcyclecruiser.com