HACCP-ის დანერგვა სურსათის მწარმოებელი ყველა ობიექტისთვის სავალდებულო გახდა. 1-ელი ივნისიდან ბიზნესს ევალება კვების პროდუქტების წარმოების პროცესში ბიოლოგიური, ქიმიური და ფიზიკური საფრთხეების პრევენცია და მისი აღმოფხვრა.
საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა (HACCP), სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის საერთაშორისო სისტემაა, რომელიც ყველა იმ ბიზნესოპერატორზე ვრცელდება, რომელიც სურსათს აწარმოებს და ყიდის. აღნიშნული მოთხოვნები სასურსათო მარკეტებსაც შეეხება.
ბიზნესი ვალდებულია, სრული საწარმოო პროცესი აკონტროლოს – ნედლეულიდან დაწყებული, საბოლოო პროდუქტით დასრულებული.
ბიზნესოპერატორების მიერ HACCP-ის მოთხოვნების შემოწმებას სურსათის ეროვნული სააგენტო განახორციელებს. იქ, სადაც სისტემა სრულყოფილად არ იქნება დანერგილი, უწყება დაახლოებით 2 თვემდე ვადას მისცემს. ვადის გასვლის მერე სისტემა თუ კვლავ არ იქნება სათანადოდ დანერგილი, სურსათის სააგენტოს შეუძლია, ბიზნესოპერატორი დააჯარიმოს და საწარმოო პროცესის გაჩერების გადაწყვეტილება მიიღოს.