საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ (სემეკ) ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი(GWP) 75 ათასი ლარით დააჯარიმა. დაჯარიმების საფუძველი კომპანიის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევა გახდა.
მოკვლევა სემეკმა თბილისის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. 2023 წლის 20 მარტს, ჩუღურეთის გამგეობის მიერ გაგზავნილ წერილში აღნიშნული იყო, რომ 2022 წლის 8 აპრილს, ოსიაურის ქუჩაზე, წყალსადენის ქსელზე მომხდარმა დაზიანებამ გამოიწვია გზის დამჭერი საყრდენი კედლის ჩამოშლა, რის შედეგადაც დაზიანდა საგზაო ინფრასტრუქტურა, მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სკვერი, ელექტროგადამცემი ხაზები და მწვანე ნარგავები.
GWP-მ პრობლემა არ აღმოიფხვრა და ამის მიზეზად წყალმომარაგების კომპანიამ ტენდერების ჩაშლა დაასახელა. კომპანიის განმარტებით, ოსიაურის ქუჩაზე სამუშაოების განხორციელების მიზნით 2022 წელს 8 ტენდერი გამოაცხადა, მაგრამ გამარჯვებული ვერ გამოვლინდა. ხოლო ტენდერების ჩაშლის მიზეზი მონაწილეთა მიერ ნორმირებულზე მაღალი ფასების დასახელება იყო.
სემეკის შეფასებით, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა არ გაატარა პრევენციული ღონისძიებები, რამაც გამოიწვია უსაფრთხოების ნორმების დარღვევა.
კომისიამ GWP-ს დაავალა, დაზიანებული წყალმომარაგების ქსელი ტექნიკური და უსაფრთხოების ნორმების შესაბამისად აღდგენოს.