საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა, თავის განახლებული შეფასებაში, ევროპის რეგიონის ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელებს შორის ყველაზე დაბალი, D ქულა, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას დაუწერა.
Global Finance ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელებს აფასებს გატარებული რეფორმების, ფულად საკრედიტო გადაწყვეტილებების, მონეტარული პოლიტიკის მართვის ეფექტიანობისა და ხელისუფლებისგან დამოუკიდებლობის მიხედვით. ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელების საქმიანობა A-დან D-მდე ქულით ფასდება.
Global Finance აღნიშნავს, რომ ნათია თურნავა თანამდებობაზე დაინიშნა დაპირისპირების ფონზე, რაც პოლიტიკურ გადაწყვეტილებად იყო მიჩნეული. მას შემდეგ ეროვნული ბანკი ჩათრეულია საქართველოს სულ უფრო მწვავე პოლიტიკურ დაპირისპირებებში.
ასევე ხაზგასმულია, რომ კითხვები გაჩნდა მის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით 2023 წლის სექტემბერში, როდესაც მან არ განახორციელა საერთაშორისო სანქციები საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძის მიმართ, რომელსაც მჭიდრო კავშირები აქვს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან.
გამოცემა აღნიშნავს, რომ თურნავას საკამათო პოზიციას მოჰყვა ეროვნული ბანკის სამი მაღალი თანამდებობის პირის გადადგომა.
Fitch Ratings-ის მიხედვით, თურნავას ხელმძღვანელობის პერიოდში, საერთაშორისო რეზერვები 2023 წლის აგვისტოდან 2024 წლის ივნისამდე $5,4 მილიარდიდან დაეცა $4,6 მილიარდამდე. ეს კლება თურნავას მმართველობის დაწყებიდან მალევე დაიწყო.
„მას არაფერი გაუკეთებია გასული წლის სექტემბერში მისი ქმედების გამოსასწორებლად და მმართველ პარტიასთან „ქართულ ოცნებასთან“ მისმა სიახლოვემ შეარყია ეროვნული ბანკის მიმართ ნდობა”,– წერს Global Finance.
ნათია თურნავას Global Finance-ის 2023 წლის ანგარიშში TETS შეფასება ჰქონდა, რეიტინგის გამოქვეყნების პერიოდისთვის თურნავა პოსტზე ახალი დანიშნული იყო(იმ ცენტრალური ბანკირების მმართველებს, რომელთა საქმიანობის დაწყებიდან ერთ წელზე ნაკლები არის გასული, გამოცემა TETS ქულას უწერს,რაც ნიშნავს რომ შეფასებისთვის ჯერჯერობით საკმარისი დრო არ არის გასული).
ნათია თურნავას წინამორბედის კობა გვენეტაძის საქმიანობა Global Finance-მა 2018-2022 წლებში A- ქულით აფასებდა;