დიდი შვიდეულის (G7) ფინანსთა მინისტრებმა საერთაშორისო სავალუტო ფონდს (IMF) მოუწოდეს, უკრაინას დახმარების ახალი პაკეტი მარტის ბოლომდე მიაწოდოს.
„მოვუწოდებთ საერთაშორისო სავალუტო ფონდს და უკრაინას, წარმოადგინონ სანდო და სათანადოდ მომზადებული სავალუტო ფონდის პროგრამა 2023 წლის მარტის ბოლომდე“, – ნათქვამია G7-ის განცხადებაში, რომელიც ინდოეთში გამართული შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნდა.
როგორც ცნობილია, საერთაშორისო სავალუტო ფონდი უკრაინისთვის მხარდაჭერის ახალ პროგრამაზე მუშაობს. პროგრამის დეტალების განსახილველად 20 თებერვალს კიევში იმყოფებოდა IMF-ის მმართველი დირექტორი კრისტალინა გეორგიევა. ფონდის შეფასებით, უკრაინის ფინანსური მხარდაჭერა 2023 წელსაც გაგრძელდება და ქვეყნის საჭიროებებსა და სტაბილურობის უზრუნველყოფას მოხმარდება.