Forbes-მა მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული სპორტული კლუბების რეიტინგი განაახლა. რეიტინგის სათავეში კვლავ ამერიკული ფეხბურთის კლუბები არიან.
Forbes-ის განახლებული რეიტინგის მიხედვით, სპორტული კლუბების ღირებულება გაზრდილია.
მსოფლიოს 50 ყველაზე ძვირად ღირებული სპორტული გუნდი $256 მილიარდად არის შეფასებული (საშუალოდ $5,12 მილიარდი), რაც 15%-ით მეტია ერთი წლის წინანდელ ფასთან შედარებით ($222,7 მილიარდი).
სპორტული კლუბებისთვის წელს მეტ თანხას იხდიდნენ. მაგალითად, Washington Commanders, რომელიც რეიტინგში მე-12 ადგილზეა, ივლისში რეკორდულ $6,05 მილიარდად გაიყიდა.
Denver Broncos (#21) შარშან $4,65 მილიარდად გაიყიდა. NBA-ს Phoenix Suns კი თებერვალში $4 მილიარდად შეიძინეს.
ფორმულა 1-ის გუნდების ფასი 4 წლის განმავლობაში 276%-ით არის გაზრდილი.
Top 50-ში შევიდა ორი F-1 გუნდი: Ferrari, რომელმაც 45-ე ადგილი დაიკავა $3,9 მილიარდის ღირებულებით და Mercedes, რომელიც 47-ე ადგილზეა $3,8 მილიარდით.
50 პოზიციიდან 60% NFL-ის (პროფესიული ამერიკული ფეხბურთის ლიგა აშშ-ში) გუნდები შეადგენენ.
რეიტინგის პირველი ნომერია Dallas Cowboys. ის $9 მილიარდად არის შეფასებული. ამერიკული ფეხბურთის გუნდი რეიტინგის ლიდერია 2016 წლიდან. შარშან კლუბი $8 მილიარდად იყო შეფასებული.
რეიტინგში მეორეა New York Yankees (ბეისბოლი) $7.1 მილიარდით; Golden State Warriors (კალათბურთი) და New England Patriots (NFL) მე-3-4 ადგილებს ინაწილებენ – თითოეული $7 მილიარდით.
საფეხბურთო კლუბებს შორის ყველაზე ძვირად ღირებული მადრიდის რეალია, რომელიც რეიტინგში მე-11 ადგილს იკავებს $6,07 მილიარდით (2022 წელს მე-13 ადგილზე იყო, $5,1 მილიარდით).
მანჩესტერ იუნაიტედი რეიტინგში მე-13 ადგილზეა ($6 მილიარდი). ბარსელონა მე-18 ადგილზეა ($5,508 მილიარდი), ლივერპული მე-20-ზე ($5,288 მილიარდი), მანჩესტერ სიტი – 23-ე ($4,99 მილიარდი), მიუნხენის ბაიერნი – 24-ე ($4,86 მილიარდი), პსჟ 36-ე პოზიციაზეა ($4,21 მილიარდი).
ყველაზე დიდი ზრდა პსჟ-ს ჰქონდა – გუნდის ღირებულება 2018 წლის შემდეგ 334%-ით არის მომატებული.
Forbes-ის შეფასებით, ერთ წელიწადში ლივერპულის ფასი 173%-ით და მანჩესტერ სიტის 102%-ით გაიზარდა.