Forbes-ის მიხედვით, SpaceX-ის დამფუძნებელი ილონ მასკი აღარ არის მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანი. მას ფრანგმა მილიარდერმა ბერნარ არნომ გადაუსწრო.
არნომ პირველ პოზიციაზე მას შემდეგ გადაინაცვლა, რაც მისი კომპანია LVMH-ის აქციების ფასი თითქმის 1,5%-ით გაიზარდა.
არნოს ამჟამინდელი ქონება დაახლოებით $210.1 მილიარდია, ხოლო Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორის წმინდა ქონება „მხოლოდ“ $208.6 მილიარდი.
გამოცემის ცნობით, LVMH-ის აქციები 2024 წლის დასაწყისიდან 5,5%-ით გაიზარდა, ხოლო Tesla-ს აქციების ფასი ამ პერიოდში თითქმის 30%-ით დაეცა. აღსანიშნავია, რომ ამ ორი კომპანიის ქონება, ამერიკული ბიზნესის ქონების დაახლოებით მესამედს შეადგენს.
აპრილში გავრცელდა ინფორმაცია, რომ Tesla სამუშაო ძალის 10%-ს დაითხოვს, რაც ელექტრომობილებზე მოთხოვნის შემცირებით და ჩინელი მწარმოებლების მხრიდან კონკურენციის გაზრდით იყო გამოწვეული.
მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი არნო საფრანგეთის ქალაქ რუბედან არის.
არნოს კორპორაციაში გაერთიანებულია მოდის სახლები Givenchy და Céline, საათების მწარმოებელი TAG Heuer, პარფიუმერული კომპანია Sephora, ღვინის მიმწოდებელი Chateau d’Yquem და არაერთი სხვა კომპანია.
ბერნარ არნო ცნობილია თავისი მრავალი საქველმოქმედო საქმიანობით, კერძოდ, ის აფინანსებს სამხატვრო გალერეებს, ეხმარება ინვალიდებს და ახალგაზრდებს ხელოვნებასა და ბიზნესში.
2019 წელს მისმა ფონდმა 200 მილიონი ევრო გამოყო ხანძრის შედეგად დაზიანებული პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღსადგენად.