Forbes-ის მფლობელმა Integrated Whale Media Investments-მა მედიაგამოცემის მილიარდერი ოსტინ რასელისთვის მიყიდვა გადაიფიქრა.
ამ თემაზე Bloomberg წერს, Forbes-ის აღმასრულებელი დირექტორის – მაიკ ფედერლეს სამსახურებრივ ჩანაწერზე დაყრდნობით.
„გარიგების ჩაშლა არ იმოქმედებს ჩვენს ყოველდღიურ სამუშაოსა და ბიზნესის მიზნებზე”, – აცხადებენ Forbes-ში.
კომპანია ასევე აღნიშნავს, რომ გააგრძელებს სხვა საინვესტიციო შესაძლებლობების შესწავლას.
რასელმა მაისში გამოაცხადა, რომ Forbes Global Media Holdings-ის 82%-იან წილს $800 მილიონად ყიდულობდა.
მოგვიანებით მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რასელს ამდენი ფული არ ჰქონდა და უცნობი იყო სავარაუდო ინვესტორთა ზუსტი ვინაობაც, ვინც მას დააფინანსებდა.
გამოითქვა ვერსია, რომ რასელს $300 მილიონს ინდოეთის Sun Group და მისი ვიცე-პრეზიდენტი შივ ხემკა აძლევდა, მაგრამ თანხის მოძიება ეჭვქვეშ დადგა მისი რუსეთთან და ჩინეთთან კავშირების გამო.
გარიგება დროში გახანგრძლივდა. მედიის ვერსიით, დაგვიანების მიზეზი ის იყო, რომ რასელი და მისი პარტნიორები ცდილობენ Sun Group-ის ფულის ალტერნატივის პოვნას.
საბოლოოდ, Luminar Technologies-ის აღმასრულებელი დირექტორისთვის, 28 წლის ოსტინ რასელისთვის, Forbes-ის მიყიდვის ოპერაცია ჩაიშალა.
ივნისში რუსმა ოლიგარქმა და ჟურნალ Forbes-ის რუსული გამოცემის მფლობელმა მაგომედ მუსაევმა პარტნიორებთან პირად საუბარში განაცხადა, რომ იგი Forbes-ის მედიაჯგუფის ახალი მფლობელი გახდა. ამის შესახებ The Washington Post წერდა. გამოცემა მას კრემლთან დაახლოებულ ბიზნესმენად მოიხსენიებს.
Forbes Ukraine ეჭვობს, რომ Forbes-ის მედიაჯგუფს მთლიანად რუსი ოლიგარქი მაგომედ მუსაევი ყიდულობს.