საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2024 წლისთვის 2,7%-მდე გააუმჯობესა. ივნისში ის 2,6%-იან ზრდას ვარაუდობდა.
პროგნოზზე იმოქმედა მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებმა აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, ბრაზილიასა და რუსეთში.
Fitch-ის განახლებული პროგნოზით, აშშ-ის მშპ წელს გაიზრდება 2,5%-ით და არა 2,1%-ით, როგორც ეს ივნისში იყო ნავარაუდევი.
Fitch ვარაუდობს, რომ 2025 წელს, გლობალური მშპ-ს ზრდის ტემპები 2,5%-მდე შენელდება.
სააგენტოს ექსპერტები მომავალ წელს შეერთებულ შტატებში ეკონომიკის 1,6%-მდე შენელებას ელიან, სამომხმარებლო ხარჯებისა და შემოსავლების ზრდის შემცირების ფონზე.
„აშშ-ის ფედერალური რეზერვი მონეტარული პოლიტიკის შერბილებას საბოლოოდ დაიწყებს, მაგრამ პოლიტიკის განაკვეთი დარჩება ისეთ დონეზე, რომელიც მომავალ წელს ეკონომიკურ აქტივობის შენელებას გამოიწვევს“, – წერია Fitch-ის ანგარიშში.
Fitch 2024 წელს ჩინეთის ეკონომიკის 4,8%-ით ზრდას ვარაუდობს. 2025 წელს კი, ექსპორტის შემცირების ფონზე, მშპ 4,5%-მდე შენელებას ელოდება.
Fitch წელს ევროზონის მშპ-ს 0,8%-ით ზრდას პროგნოზირებს და 1,5%-ს მომავალ წელს.