First Republic Bank, რომელსაც აშშ-ის საბანკო სისტემაში აქტივებით მეთოთხმეტე ადგილი უკავია, გაკოტრების პირასაა. მომხმარებლებმა ბანკიდან დეპოზიტების ნახევარი გაიტანეს.
First Republic Bank-მა 24 აპრილს განაცხადა, რომ მისმა კლიენტებმა კრიზისის დროს, ანგარიშებიდან $100 მილიარდზე მეტი მოხსნეს. ანაბრების გატანა გამოწვეული იყო მომხმარებელთა შიშით, რომ ბანკს პრობლემები შეექმნებოდა და სახსრები ამოიწურებოდა, რადგან საბანკო ბაზარზე კრიზისის დაწყების შემდეგ First Republic Bank ყველაზე სარისკო სიტუაციაში აღმოჩნდა.
მეანაბრეები ამჯობინებდნენ, ფული ბაზრის სხვა პროდუქტებში ინვესტიციებისთვის გამოეყენებინათ, სადაც 4%-ზე მეტს უხდიდნენ.
დეპოზიტების გატანის შემდეგ, ბანკი იძულებული გახდა, საჭირო ფინანსური რესურსი ძვირად ესესხა. საბოლოოდ, აღმოაჩნდა, რომ მას იაფი აქტივები და ძვირი პასივები გააჩნდა.
ინფორმაციას დეპოზიტების გატანის შესახებ ბანკის აქციების ვარდნა მოჰყვა. მეორე დღესვე საფონდო ბირჟებზე აქციის ფასი განახევრდა.
ხოლო 26 აპრილის, სავაჭრო სესიის გახსნიდან რამდენიმე წუთში, მისი ღირებულება 20%-ით დაეცა, რის შემდეგაც, ვაჭრობა შეჩერდა, თუმცა, განახლებისთანავე ვარდნა გაგრძელდა და ფასი მინიმალურ $6,03-ის ნიშნულზე ჩამოვიდა.
ასეთი აღმოჩნდა ინვესტორების რეაქცია ბანკიდან $100 მილიარდის დეპოზიტის გადინებაზე.
ორ თვეში კომპანიის ღირებულება $50 მილიარდიდან $3 მილიარდზე ქვემოთ ჩამოვიდა.
Silicon Valley Bank-ის წარუმატებლობის შემდეგ, Wall Street იმედოვნებდა, რომ კრიზისი საპროცენტო განაკვეთების ზრდით დასრულდა. მაგრამ ასე არ აღმოჩნდა, რასაც მოწმობს First Republic Bank-ის პრობლემები, რომლის კლიენტებს შორის Facebook-ის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგიც არის.
ბანკი აპირებს, ხარჯები შეამციროს და თანამშრომლების 20-25% სამსახურიდან გაუშვას.
ფაქტობრივად, First Republic Bank-ის გადარჩენა კითხვის ნიშნის ქვეშ არის. ბანკის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ მისი გაძლიერების რამდენიმე ვარიანტს ამუშავებენ, თუმცა, დეტალებს არ აკონკრეტებენ.
Financial Times-ის ცნობით, ბანკი ცდილობს, გაყიდოს აქტივები მთლიანად ან მისი ნაწილი, რათა თავიდან აიცილოს გაკოტრება და ის ამ საკითხზე ფედერალურ ხელისუფლებასთან ერთად მსჯელობს.