მომგებიანი კვარტალი
Ferrari-ის წმინდა მოგება 2023 წლის პირველ კვარტალში 24%-ით გაიზარდა, შემოსავალი – 20%-ით.
იტალიური სპორტული ავტომობილების მწარმოებელი კომპანიის – Ferrari NV-ის ყველა ძირითადი ფინანსური მაჩვენებელი შთამბეჭდავია 2023 წლის პირველ კვარტალში.
კომპანიის წმინდა მოგება იანვარ-მარტში 24%-ით გაიზარდა და €297 მილიონი შეადგინა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში მისი მოგება €239 მილიონი იყო.
ხოლო კომპანიის შემოსავალი 20%-ით გაიზარდა €1,43 მილიარდამდე.
სად და რამდენს ყიდის Ferrari
Ferrari-მ წინა კვარტალში გაყიდა 3567 ავტომანქანა, რაც 9,7%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ზრდა დიდწილად განაპირობა მოთხოვნამ Portofino M, 296 GTB და 812 Competizione მოდელებზე, ნათქვამია კომპანიის პრესრელიზში.
ამერიკაში კომპანიის გაყიდვები გაიზარდა 46%-ით, ჩინეთში (ჰონკონგისა და ტაივანის ჩათვლით) – 39%-ით, დანარჩენ აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში – 19%-ით. ხოლო ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში, გაყიდვები 12%-ით შემცირდა.
2023 წელს Ferrari €5,7 მილიარდის შემოსავალს ვარაუდობს.
კომპანიის კაპიტალიზაცია წლის დასაწყისიდან 30%-ით არის გაზრდილი და €61,5 მილიარდადაა შეფასებული.