აშშ-ის ფედერალური რეზერვი(FED) დიდი ალბათობით, ოთხშაბათის სხდომაზე შეარბილებს მონეტარულ პოლიტიკას, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ინფლაციის მაჩვენებელი ჯერ კიდევ მაღალია 2%-იან სამიზანე მაჩვენებელზე. ეს იქნება ზედიზედ მესამე შეხვედრა, რომელშიც FED შეამცირებს საპროცენტო განაკვეთებს. ეს წელს FED-ის ბოლო სხდომა იქნება.
ამერიკული საფონდო ბირჟის ტრეიდერების უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირება 25 პუნქტით მოხდება, ანუ ის 4,25%-დან 4,5%-მდე დიაპაზონში იქნება. ისინი ასეთ ვარაუდს ინფლაციის, საცალო გაყიდვების, მშპ-ს, წამყვანი კომპანიების აქციების ფასების ანალიზზე დაყრდნობით აკეთებენ.
FED-ის განაკვეთი შესაბამისად აისახება საკრედიტო ბარათებზე, კომერციული ბანკების ავტო და ბიზნეს სესხების პროცენტზე. არსებული მაღალი განაკვეთები ზღუდავს სესხების აღებას და ანელებს ეკონომიკურ აქტივობას ინფლაციური ზეწოლის შესამცირებლად.
ფედერალური რეზერვის თავმჯდომარემ ჯერომ პაუელმა თქვა, რომ FED-მა განაკვეთების შემცირებისას არ უნდა იჩქაროს. ეკონომისტები 2025 წელს რეფინანსირების განაკვეთის ნაკლებად შემცირებას პროგნოზირებენ.