აშშ-ის ფედერალური რეზერვი(Fed) მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად ტოვებს და გადაწყვეტილების მიზეზად ფასების კლების შეჩერებას ასახელებს. რეფინანსირების განაკვეთი 5.50%-ის დონეზე რჩება.
Fed იმედგაცრუებულია ინფლაციის ბოლო მონაცემებით.
Fed-ის თავმჯდომარემ ჯერომ პაუელმა თქვა, რომ მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქებისთვის სავარაუდოდ, უფრო მეტი დრო იქნება საჭირო, ვიდრე ადრე იყო მოსალოდნელი.
“ინფლაცია ჯერ კიდევ ძალიან მაღალია”, – თქვა პაუელმა სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
მარტში სამომხმარებლო ფასები შეერთებულ შტატებში, გასული წლის იმავე თვესთან შედარებით. 3,5%-ით გაიზარდა, რაც ყველაზე მაღალია 2023 წლის სექტემბრის შემდეგ.
ის აღემატება თებერვლის მაჩვენებელს, როცა წლიური ინფლაცია 3.2%-ის ნიშნულზე დაფიქსირდა.
ენერგორესურსებზე ფასები მარტში, 2023 წლის თებერვლის შემდეგ პირველად გაიზარდა და წლიური 2.1% შეადგინა. მათ შორის, ბენზინის ფასი 1,3%-ით გაიზარდა.
ფედერალური რეზერვისთვის ინფლაციის სამიზნე მაჩვენებელი 2%-ს შეადგენს.
რეფინანსირების საპროცენტო განაკვეთის შემცირებაზე საუბარი უკვე წელიწადია გრძელდება. ის რეკორდულად მაღალ დონეზეა.
გასული წლის ბოლოს პაუელმა 2024 წლისთვის განაკვეთის სამგზის შემცირების პროგნოზი გააკეთა, შემდეგ მან იგივე გაიმეორა თებერვალშიც.
ეკონომისტების შეფასებით, განაკვეთის შემცირება არც Fed-ის ივნისისა და ივლისის სხდომებზე მოხდება. წინასწარი პროგნოზით, სექტემბერში პროცენტის კლების ალბათობა უფრო მაღალი ჩანს, მაგრამ შემცირება 50-50 პუნქტზე მეტით არ მოხდება.