აშშ-ის ფედერალურმა რეზერვმა 22 მარტს, როგორც მოსალოდნელი იყო, მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა. რეფინანსირების საპროცენტო განაკვეთი 0,25%-ით გაიზარდა და ახლა 4.75-5.00%-ის დიაპაზონშია.
ფედერალური რეზერვი წლის ბოლომდე განაკვეთის 5.1%-მდე გაზრდას ვარაუდობს.
Fed-ის გადაწყვეტილება ერთი მხრივ, ინფლაციის შემცირების მცდელობამ და მეორე მხრივ, საბანკო ბაზარზე შექმნილმა არასტაბილურმა ვითარებამ განაპირობა, რაც Silicon Valley Bank-ის გაკოტრებას მოჰყვა.
FED-ის ხელმძღვანელმა ჯერომ პაუელმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე გულდასმით აკვირდებოდნენ ბანკების მიერ დაკრედიტების მაჩვენებლებს და ინფლაციას, რაც ბოლო დროს შემცირების მიმართულებით მიდის. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, მათ მანამდე დაგეგმილი გამკაცრების პოლიტიკა შედარებით შეარბილეს და განაკვეთი 0,5%-ის ნაცვლად, 0,25%-ით გაზარდეს.
ფედერალური რეზერვის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ აშშ-ის საბანკო სისტემა „ჯანსაღი და გამძლეა“.