აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავს დაესხა აშშ-ის ფედერალური რეზერვის(Fed) ხელმძღვანელს ჯერომ პაუელს, მას შემდეგ, რაც Fed-მა რეფინანსირების საპროცენტო განაკვეთები უცვლელად დატოვა.
მანამდე ტრამპი უწყებას რეფინანსირების განაკვეთის შემცირებისკენ მოუწოდებდა.
სოციალური მედიაში გამოქვეყნებული პოსტით, მან ფედერალური რეზერვი და პაუელი ეკონომიკის არასწორად მართვაში დაადანაშაულა და თქვა, რომ მათ “ვერ შეაჩერეს ინფლაციასთან დაკავშირებული პრობლემა”.
ცნობისთვის, აშშ-ს ფედერალურმა რეზერვმა საპროცენტო განაკვეთი უცვლელი დატოვა 4,25%-დან 4,5%-მდე დიაპაზონში.
Fed-მა აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინა, რომ ეკონომიკა სტაბილურობას ინარჩუნებს, მაგრამ ახალი ადმინისტრაციის ეკონომიკური პოლიტიკის პირობებში, გაურკვევლობა გაზრდილია.
ეკონომისტები და Fed-ის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ინფლაციის შემცირების გეგმა შეიძლება შეიცვალოს, თუ დონალდ ტრამპი დაპირებულ ეკონომიკურ პოლიტიკას განახორციელებს და ტარიფებს გაზრდის.
გასულ კვირას ტრამპმა მსოფლიო ეკონომიკის ლიდერების შეკრებაზე განაცხადა, რომ ნავთობის ფასების დაკლების შემთხვევაში, ის „მოითხოვს საპროცენტო განაკვეთების დაუყოვნებლივ შემცირებას“.
ტრამპი დიდი ხანია ერჩის პაუელს. თავისი საარჩევნო კამპანიის დროს ის პაუელის გათავისუფლებით იმუქრებოდა, იმის მიუხედავად, რომ მან თანამდებობა სწორედ ტრამპის პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს დაიკავა.
ტრამპის არცევნებში გამარჯვების შემდეგ პაუელმა თქვა, რომ არ დატოვებდა თანამდებობას, თუ მას ამას მოსთხოვდნენ და თქვა, რომ ის ფედერალური რეზერვის დამოუკიდებლობას იცავდა.
პაუელს თანამდებობაზე მუშაობის ვადა 2026 წელს ეწურება.