აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტმა (EIA) მკვეთრად გაზარდა ნავთობის ფასის პროგნოზი 2024 და 2025 წლებისთვის.
ცვლილება OPEC+-ის წევრი ქვეყნების მიერ მოპოვების შეზღუდვების გახანგრძლივებამ გამოიწვია.
EIA მიმდინარე წელს Brent-ის ტიპის ბარელი ნავთობის $87-მდე გაძვირებას ვარაუდობს, $82,42-ის ნაცვლად.
დეპარტამენტი ახალ ანგარიშში მიუთითებს, რომ ნავთობის შემცირებული მოპოვება 2024 წლის მეორე კვარტალში მსოფლიო მარაგების მნიშვნელოვან კლებას გამოიწვევს.
რაც შეეხება 2025 წელს, განახლებული პროგნოზით, ნავთობის ფასი $84,8 იქნება, $79,48-ის ნაცვლად.
ფასები $87-88-ის დიაპაზონში დარჩება, OPEC+-ის წარმოების შემცირების ვადის ამოწურვამდე და მცირედი დაღმასვლა 2025 წელს დაიწყება, – ნათქვამია მოხსენებაში.
ენერგეტიკის დეპარტამენტი არ გამორიცხავს, რომ წარმოება შეიძლება შეფერხდეს წითელ ზღვაში გემებზე თავდასხმების ან ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის გამო, რაც ნავთობის გაძვირებას გამოიწვევს.
ახალი პროგნოზის მიხედვით, 2024 წელს ნავთობის გლობალური მოპოვება დღიურად 102,17 მლნ ბარელი იქნება(წინა პროგნოზი – 102,3 მლნ ბარელი/დღეში). 2023 წელს დღიურად მოპოვება 101,79 მლნ ბარელს შეადგენდა. 2025 წლისთვის პროგნოზი იგივეა – 104,17 მილიონი ბარელი დღეში.