უკრაინაში შეჭრის შემდეგ მოსკოვის წინააღმდეგ ევროკავშირს სანქციების ათი პაკეტი აქვს ამოქმედებული. სანქციების მიზანი მოსკოვისთვის შემოსავლების შემცირება და სამხედრო ტექნოლოგიებზე წვდომის შეზღუდვაა, რათა მან ომის გაგრძელება ვეღარ შეძლოს. ამის მიუხედავად, ევროკავშირის ქვეყნებსა და რუსეთს შორის ვაჭრობა ჯერ კიდევ გრძელდება. გაერთიანებაში შემავალ ქვეყანებს არ სურთ, მძიმე ეკონომიკური დარტყმის მიღება, რასაც მათ რუსეთთან ვაჭრობის შეწყვეტა მოუტანს.
ახალი სანქციების შემოღების ნაცვლად, ევროკავშირი ახლა ცდილობს გამოავლინოს ის ქვეყნები, საიდანაც სანქციების გვერდის ავლით საქონელი რუსეთში ხვდება. ევროპის ოფიციალურმა პირებმა ასეთ პოტენციურ მარშრუტებად არაბეთის გაერთიანებული საემიროები, თურქეთი, სომხეთი, საქართველო, ყაზახეთი და ყირგიზეთი დაასახელეს.
რომელ სფეროებში აგრძელებს ევროკავშირი რუსეთთან ბიზნესურთიერთობას?
ვაჭრობა
ევროკომისიის მონაცემებით, 2021 წელს რუსეთი ევროკავშირისთვის სიდიდით მეხუთე, უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი იყო, €258 მილიარდის ღირებულების საქონლის ვაჭრობით. ძირითადი საიმპორტო საქონელი იყო საწვავი, ხის მასალა, რკინა, ფოლადი და სასუქები.
ომის დაწყების შემდეგ, ევროკავშირში რუსეთიდან იმპორტის ღირებულება განახევრდა და შარშან დაახლოებით €10 მილიარდი შეადგინა.
ევროსტატის მონაცემებით, 2022 წლის მარტიდან 2023 წლის იანვრის ბოლომდე, ევროკავშირმა რუსეთიდან €171 მილიარდის საქონელი შეიტანა.
გასულ წელს ევროკავშირმა სანქციები დაუწესა რუსული ქვანახშირისა და ნავთობის იმპორტს. სანქციები ბუნებრივ აირზე არ ვრცელდება, მაგრამ მოსკოვმა მისი ევროპაში მიწოდება შეაჩერა. 2022 წლის განმავლობაში, ბოლო წლებთან შედარებით, ევროკავშირმა მიიღო დაახლოებით 40%-ით ნაკლები რუსული გაზი.
2022 წელს LNG-ის (გათხევადებული ბუნებრივი აირი) მიწოდება რუსეთიდან ევროპაში 22 მილიარდ კუბ. მეტრამდე გაიზარდა.
ბირთვული იმპორტი ევროპაში
სანქციები არ შეხებია რუსეთის ატომურ ინდუსტრიას. ამ სფეროსთვის შეზღუდვების დაწესებას უნგრეთი და ბულგარეთი ეწინააღმდეგებიან.
ევროსტატის მონაცემებით, 2022 წელს ევროკავშირში რუსული ბირთვული ინდუსტრიის პროდუქტების იმპორტმა თითქმის €750 მილიონს მიაღწია. ევროკავშირის ბირთვული სააგენტოს მონაცემებით, 2021 წელს ევროკავშირს ურანის მეხუთედი რუსეთმა მიაწოდა.
საფრანგეთის ენერგეტიკის სამინისტრომ უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ომის შემდეგ მკვეთრად გაიზარდა გამდიდრებული ურანის იმპორტი რუსეთიდან. თუმცა, პარიზმა განაცხადა, რომ რუსეთთან კონტრაქტების შეჩერება უფრო ძვირი დაუჯდება, ვიდრე მათი გაგრძელება.
რუსული ბრილიანტები
ევროსტატის თანახმად, ევროკავშირის ქვეყნებმა შარშან €1,4 მილიარდის ღირებულების რუსული ბრილიანტები შეისყიდეს. მათ არც ძვირფასი ქვების იმპორტი აკრძალეს და არც ამ სფეროში მომუშავე რუსული სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი კომპანიისთვის დაუწესებიათ სანქციები.
სასუქები და ნედლეული
სასუქები, მათ შორის შარდოვანა, რუსეთიდან ევროპისკენ თავისუფლად გაედინება. ევროსტატის მონაცემებით, ევროკავშირში რუსული სასუქების იმპორტმა შარშან €2,6 მილიარდს მიაღწია, რაც 40%-ით მეტი იყო 2021 წლის მაჩვენებელზე, რადგან შემცირებული იმპორტი ფასების ზრდამ გადაფარა.
ნედლეულს შორის, რომელსაც სანქციები არ შეხებია, არის ნიკელი. ევროსტატის მონაცემებით, ევროკავშირმა 2021 წელს €2,1 მილიარდის ღირებულების ნიკელის იმპორტი განახორციელა, გასულ წელს მისი ღირებულება €3,2 მილიარდამდე გაიზარდა.
ევროკავშირის შავ სიაში ისევ არ არის დიდი რუსული კომპანიები, როგორებიცაა Alrosa, Rosatom, Gazprom და Lukoil.