გერმანულმა Deutsche Bank-მა, რომელიც მოსკოვიდან და სანქტ-პეტერბურგიდან თავისი IT ცენტრების ბერლინში გადატანას აპირებდა, ახლა საბოლოოდ მათი დახურვა გადაწყვიტა. ამის შესახებ Financial Times თავის წყაროებზე დაყრდნობით წერს. IT ცენტრების 500-მდე თანამშრომელი უმუშევარი დარჩება.
გამოცემის წყაროები ირწმუნებიან, რომ Deutsche Bank-ს ჯერ არ გამოუცხადებია თავისი გადაწყვეტილების შესახებ, მაგრამ თანამშრომლები ამბობენ, რომ საკითხი გადაწყვეტილია.
თავად ბანკმა ვითარებაზე შემდეგი სახის კომენტარი გააკეთა:
„ჩვენ ვაგრძელებთ რისკების შემცირებას რუსულ ტექნოლოგიურ ცენტრში და მათ შორის, განვიხილავთ თანამშრომლების გათავისუფლებას, მხარეთა შეთანხმებით. პროცესი სრულ შესაბამისობაშია რუსეთის კანონმდებლობასთან“.
Deutsche Bank-ს რუსეთში IT ცენტრები 2001 წლიდან აქვს. უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე, მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში ბანკის დაახლოებით 1500 IT სპეციალისტი მუშაობდა. მათ კომპანიამ გერმანიაში სამუშაოდ გადასვლა შესთავაზა. თანამშრომლების ნახევარი ამ წინადადებას დათანხმდა.
რუსეთის მიმართ დასავლური სანქციების შემოღების შემდეგ, ბანკმა გადაწყვიტა გაათავისუფლოს რუსეთში დარჩენილი პერსონალი მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში.
გასული წლის ბოლოს Deutsche Bank-მა რუსეთში სასესხო პორტფელი 36%-ით შეამცირა და ეს რისკების შემცირების აუცილებლობით ახსნა.
უფრო ადრე, გერმანულმა ჯგუფმა დახურა თავისი საინვესტიციო საბანკო ოპერაციების დიდი ნაწილი მას შემდეგ, რაც საერთაშორისო მარეგულირებლებმა იგი ასობით მილიონი ევროთი დააჯარიმეს. მიზეზი სარკისებური გარიგების განხორციელება იყო, რამაც ხელი შეუწყო რუსეთიდან $10 მილიარდის გათეთრებას.