რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა უმსხვილესი რძის კომპანია Danone Russia-სა და ლუდსახარშ Baltika-ს ნაციონალიზაცია მოახდინა.
უკრაინაში ომის დაწყებიდან უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც რუსეთი უცხოელების მილიარდიან აქტივებს ითვისებს.
გუშინ, 15 ივლისს, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას Baltika-ს და Danone Russia-ს უცხოელი აქციონერების წილების რუსეთის სახელმწიფო ქონების მართვის დროებითი ადმინისტრაციისთვის გადაცემის შესახებ.
Baltika სიდიდით მეორე ლუდის მწარმოებელი კომპანიაა რუსეთში, რომელიც 100%-ით დანიური კონცერნის – Carlsberg-ის მფლობელობაში იყო.
ხოლო Danone რძის პროდუქტების უმსხვილესი მწარმოებელია რუსეთში, რომელიც მთლიანად ფრანგულ Danone-ს ეკუთვნოდა.
პუტინის ბრძანებულება Carlsberg-ისთვის წესით სიურპრიზი უნდა იყოს. კომპანიამ სულ რაღაც სამი კვირის წინ განაცხადა, რომ თავისი რუსული აქტივების მყიდველი იპოვა (ვინაობა არ დასახელებულა), მაგრამ ახლა ის თავის რუსულ შვილობილს უკვე ვეღარ გაყიდის.