ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ინფორმაციით, ივლისის თვეში, მსოფლიო მასშტაბით, COVID-19-ის თითქმის 1,5 მილიონი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთაგან 2000-ზე მეტი სიკვდილით დასრულდა. ეს 63%-იანი ზრდაა წინა თვესთან შედარებით.
პარასკევს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ყოველკვირეული ეპიდემიოლოგიური მიმოხილვა, რომელიც COVID-19-ით ინფიცირების მკვეთრ ზრდას აჩვენებს.
ჯანმოს წარმომადგენლის თქმით, COVID-ის ახალი მუტაცია, სახელით BA.2.86, დაფიქსირდა შვეიცარიაში, სამხრეთ აფრიკაში, დანიაში, აშშ-ში და დიდ ბრიტანეთში.
BA.2.86 არის კორონავირუსის ყველაზე მუტაციური ვერსია omicron-ის შემდეგ, რამაც ინფექციების გლობალური მატება გამოიწვია. ის 35-ზე მეტი მუტაციის მატარებელია, უფრო მეტის, ვიდრე XBB.1.5 ვარიანტი, რომელიც დომინანტურია 2023 წელს.
ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა BA.2.86-ის წინააღმდეგ COVID-19-ის განახლებული ვაქცინების ეფექტურობის შესაფასებლად.
ეპიდემიოლოგები მიიჩნევენ, რომ ვირუსის სწრაფი გავრცელება შესაძლოა, გამოიწვია ტემპერატურის ცვლილებებმა, ზაფხულის პერიოდში მომატებულმა მოგზაურობამ, ასევე, მაღალი სიცხეების გამო კონდიციონერების გამოყენებამ.