კომუნიკაციების ეროვნული კომისია(ComCom) მიიჩნევს, რომ კომპანია „მაგთის” ქვეყნის უმეტეს რაიონებში(ფიქსირებულ ოპტიკურ ფართოზოლოვან ქსელში ჩართული 994 დასახლებიდან 981-ში) ინტერნეტ ქსელზე უპირატესი მდგომარეობა უკავია, ამიტომ მას „მნიშვნელოვანი საბაზრო ძალის მქონე ოპერატორის სტატუსი” უნდა მიენიჭოს და შესაბამისი რეგულაციები უნდა განესაზღვროს.
კომისია „მაგთის” „მნიშვნელოვანი საბაზრო ძალის მქონე” ოპერატორად ბაზარზე მისი წილის გათვალისწინებით მიიჩნევს. კერძოდ, ComCom-ის 2024 წლის მეორე კვარტალის მონაცემებით, საქართველოში ფიქსირებული ინტერნეტით 995 ათასი აქტიური აბონენტი სარგებლობს, მათი 52% (519 ათასი აბონენტი) “მაგთის” მომხმარებელია. „სილქნეტს” ბაზრის 34%-იანი წილი უკავია, „ახალ ქსელებს” კი 5%.
მთავარი მოთხოვნა
ახალი ვალდებულება პირველ რიგში, ითვალისწინებს, რომ „მაგთიმ” თავის ქსელზე სხვა ოპერატორები დაუშვას. კერძოდ, მან საკუთარი ქსელი სხვა ოპერატორებს შესაბამისი საფასურის სანაცვლოდ უნდა მიაქირაოს.
კომისია ამბობს, რომ ამ რეგულაციით, მცირე ზომის ოპერატორებს მიეცემათ შესაძლებლობა, მნიშვნელოვანი საინვესტიციო დანახარჯების გარეშე შემოვიდნენ ბაზარზე ან თავიანთი მოქმედების არეალი გააფართოონ და დიდ ოპერატორებს მეტად ეფექტიანი კონკურენცია გაუწიონ.
„მაგთის” სხვა ვალდებულებები
მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორს უნდა დაეკისროს სატარიფო რეგულირების ვალდებულება. სატარიფო რეგულირება გულისხმობს, რომ მას განისაზღვრება ქირის ფასის ზედა ზღვარი და მაგთი სხვა ოპერატორებს, ქსელზე დაშვების შემთხვევაში, დადგენილ ზღვარზე მაღალი ფასის გადახდას ვერ მოსთხოვს.
კომუნიკაციების კომისია ამბობს, რომ ქირის მაქსიმალურ ტარიფს საერთაშორისო პრაქტიკის – „LRIC მეთოდოლოგიის“ შესაბამისად განსაზღვრავს, რაც მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორს არ მისცემს შესაძლებლობას, დაშვების მსურველ კომპანიას არასამართლიანი ფასი შესთავაზოს.
ამასთან კომისია იშველიებს ევროკავშირის ექსპერტების დასკვნას, რომ რომ „მაგთის“ უნდა დაეკისროს გამჭვირვალობისა და დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულებები. ეს კი „მაგთის“ ავალდებულებს, გამოაქვეყნოს ქსელზე დაშვების მოწვევის ოფერტი, დეტალური ტექნიკური თუ კომერციული პირობებით, რაც დაშვების მსურველ კომპანიებს მისცემს შესაძლებლობას, დაშვების პირობებთან დაკავშირებით წინასწარ ჰქონდეთ ინფორმაცია.
ასევე, დაშვების მსურველ ყველა კომპანიას არადისკრიმინაციულად მიუდგეს და სამართლიანი პირობები შესთავაზოს.
კომისიის თანახმად, თუ სხვა ოპერატორებს “მაგთის” ტექნიკური ინფრასტრუქტურის ქირაობა და აბონენტებისთვის სერვისის ამ გზით მიწოდება შეეძლებათ, ამ გზით ბაზარზე კონკურენცია გაიზრდება და „აღნიშნული ვალდებულებების ამოქმედებით ხელს შეუწყობს ფიქსირებულ ინტერნეტბაზარზე ახალი მოთამაშეების გაჩენას, არსებული მოთამაშეების გაძლიერებას და კონკურენტული გარემოს შექმნას, რაც ქართველ აბონენტებს, ევროპელი აბონენტების მსგავსად, მრავალფეროვანი არჩევანითა და ხელსაყრელი პირობებით სარგებლობის შესაძლებლობას მისცემს”, – აღნიშნავს კომუნიკაციების კომისია.