კომუნიკაციების ეროვნული კომისია(ComCom) კვლავ კომპანია მაგთიკომის ბაზარზე დომინანტურ პოზიციაზე და მაღალ მოგებაზე საუბრობს. კომისია მიუთითებს, რომ მაგთიკომს „კრიტიკულად დიდი უპირატესობა აქვს კონკურენტებთან შედარებით – როგორც ფინანსური რესურსების, ისე აბონენტებისა და ინფრასტრუქტურის კუთხით”.
კომისია აღნიშნავს, რომ „მობილური მომსახურების ბაზრის კომპლექსური კვლევის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული ბაზარი არაკონკურენტულია, რის შედეგადაც მომხმარებლები ზარალდებიან.
ComCom-ის თქმით, არაკონკურენტულ გარემოზე მიანიშნებს, 2022 წლის მონაცემების მიხედვით ქართული ოპერატორების საგანგაშოდ მაღალი მოგების მაჩვენებელი – EBITDA მარჟა (მოგება პროცენტის, მოგების გადასახადის, ცვეთისა და ამორტიზაციის დარიცხვამდე გაყოფილი გაყიდვებიდან შემოსავალზე), რომელიც ევროპის საშუალო მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აღემატება. ევროპის ქვეყნებში საშუალო მოგების ეს მაჩვენებელი 35%-ია, ხოლო „მაგთიკომისთვის“ 75%-ს უტოლდება, რაც სხვა მაჩვენებლებთან ერთად, ოპერატორის მნიშვნელოვან ძალას ადასტურებს.
2022 წლის მონაცემების მიხედვით, მაშინ, როდესაც ეს მოგების EBITDA მარჟის მაჩვენებელი ევროპის საშუალოდ 35%-ს უტოლდება, „სელფი მობაილისთვის“ – 45%-ს; „სილქნეტისთვის“ – 61%-ს, ხოლო „მაგთიკომისთვის“ კი ორჯერ მეტს – 75%-ს შეადგენს”- აღნიშნავს კომუნიკაციების კომისია.
მისივე თქმით, „მაგთიკომი“ ინფრასტრუქტურის განვითარებაში შემოსავლების იგივე პროცენტულ მაჩვენებელს დებდა ინვესტიციაში, როგორც საშუალოდ ევროპის ქვეყნების ოპერატორები. შესაბამისად, მოგების EBITDA მარჟის აღნიშნული სხვაობა ევროპული ოპერატორებისა და „მაგთიკომის“ შორის ადასტურებს, რომ „მაგთიკომი“ გაცილებით მაღალი მომგებიანობის მაჩვენებლის ფონზე პროცენტულად გაცილებით ნაკლებ ინვესტიციას ახორციელებს საკუთარ ინფრასტრუქტურაში, ვიდრე ამას ევროპაში მოქმედი ოპერატორები აკეთებენ.
„სხვაობა ასევე მნიშვნელოვნად დიდია „მაგთიკომსა“ და ქართულ ბაზარზე არსებულ ოპერატორებს შორის არსებულ მარჟებს შორის, რაც აჩენს პოტენციურად მომხმარებლისთვის დამაზიანებელ და არაკონკურენტულ გარემოს – იმოქმედოს მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორმა კონკურენტებისა და მომხმარებლებისგან დამოუკიდებლად.
ასეთი შემთხვევა კი 2021 წელს უკვე დაფიქსირდა, როდესაც “მაგთიკომმა” ხმოვანი ტარიფები მნიშვნელოვნად გააძვირა, მიუხედავად იმისა, რომ კონკურენტ კომპანიას იმავე სერვისებზე გაცილებით დაბალი ტარიფები ჰქონდა. შედეგად, მომდევნო წლის განმავლობაში, ხმოვანი სერვისებიდან მაგთიკომის შემოსავლები 10.1%-ით გაიზარდა, მაშინ, როდესაც მომხმარებლების რაოდენობა და ტრაფიკი წინა წლებთან შედარებით უცვლელი იყო”,- აცხადებს კომისია.
კომპლექსურ კვლევაზე დაწყებული წარმოების ფარგლებში კომუნიკაციების კომისია კვლევის შედეგებს 6 ივნისის, საჯარო სხდომაზე განიხილავს, ხოლო 17 მაისამდე დაინტერესებულ მხარეებს კომპლექსური კვლევის შედეგებთან დაკავშირებით, უკუკავშირის წარმოდგენა შეეძლებათ.