CNN-ის აღმასრულებელმა დირექტორმა კრის ლიხტმა, ერთწლიანი მუშაობის შემდეგ თანამდებობა დატოვა.
მისი ამ პოსტზე მუშაობა სერიოზული შეცდომებით იყო სავსე. ხოლო ტელეკომპანიისთვის ეს ერთი წელი მოგების შემცირებით, ისტორიულად დაბალი რეიტინგებით, ორი წამყვანის გათავისუფლებითა და თანამშრომლების უკმაყოფილებით ხასიათდებოდა.
ლიხტი CNN-ის დირექტორი გასული წლის მაისში გახდა.
მის მუშაობას პრესა მწვავედ აკრიტიკებდა, რაც ხშირად ეყრდნობოდა მისი თანამშრომლების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, რომლებსაც არ მოსწონდათ დირექტორის უნარები და სარედაქციო პოლიტიკა.
The Atlantic-ში პარასკევს გამოქვეყნდა კიდევ ერთი სტატია, რომლის ავტორი CNN-ის 100-ზე მეტ თანამშრომელზე დაყრდნობით, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა ლიხტის უნარს, გაეგრძელებინა ორგანიზაციის ხელმძღვანელობა.
სტატიის გამოქვეყნების შემდეგ ლიხტმა თანამშრომლებს ბოდიში მოუხადა და პირობა დადო, რომ მათი ნდობის მოსაპოვებლად იბრძოლებდა.
მაგრამ მმართველმა კომპანიამ Warner Bros. Discovery-მა ლიხტის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.
ოთხშაბათს დილით ლიხტს აცნობეს, რომ ის სამსახურიდან თავისუფლდებოდა.
ლიხტმა ტელეკომპანიიდან გაათავისუფლა ბრაიან სტელტერი – ერთ-ერთი წარმატებული კორესპონდენტი და „სანდო წყაროების” წამყვანი. ასევე სამსახურიდან გაუშვა CNN-ის სხვა მთავარი ჟურნალისტები.
მიუხედავად იმისა, რომ ის თანამშრომლებს არწმუნებდა, რომ შემცირება არ იქნებოდა, ნოემბერ-დეკემბერში CNN-დან ასობით თანამშრომელი დაითხოვეს.
ლიხტი ყველაზე მძაფრი კრიტიკის ქარცეცხლში აღმოჩნდა ყოფილი პრეზიდენტის – დონალდ ტრამპის CNN town hall-ში მიწვევის გამო.
Warner Bros. Discovery-მა განაცხადა, რომ CNN-ისთვის ახალ ხელმძღვანელს ეძებს და გააფრთხილა თანამშრომლები, რომ ძებნას „დიდი დრო დასჭირდება”.