ამერიკულმა ბანკმა Citigroup Inc-მა თანამშრომლებს აცნობა, რომ ბიზნესის რეორგანიზაციის ფარგლებში ცვლილებების ახალ ეტაპს იწყებს.
ნოემბრის დასაწყისში CNBC წერდა, რომ Citi-ის ხელმძღვანელობა, კონსულტანტებთან ერთად, განიხილავდა თანამშრომლების მინიმუმ 10%-ით შემცირებას რამდენიმე ძირითად მიმართულებაზე.
როგორც კომპეტენტურმა წყარომ Reuters-ს უთხრა, რეორგანიზაცია შეიძლება, ათასობით თანამშრომელს შეეხოს. მისივე ინფორმაციით, აღმასრულებელმა მენეჯერებმა თავიანთი გუნდის წევრებს უკვე გააცნეს ახალი სტრუქტურა და ისიც უთხრეს, ვის მოუწევს ახალი ფუქნციების შესრულება.
ბანკი ამბობს, რომ ცვლილებებზე დაწვრილებით იანვარში ისაუბრებს, მას შემდეგ, რაც 2023 წლის მეოთხე კვარტლის შედეგები გამოქვეყნდება.
Citi ამ ეტაპზე არც თანამშრომლების რაოდენობას ამჟღავნებს, რომლებსაც შემცირება შეეხებათ.
30 სექტემბრის მდგომარეობით, Citi-ის 238 ათასი თანამშრომელი ჰყავს.
„ბანკის მიმდინარე რესტრუქტურიზაცია უამრავ რთულ გადაწყვეტილებას შეიცავს, მაგრამ ჩვენ გვჯერა, რომ ეს არის სწორი ნაბიჯები სტრუქტურის ბანკის სტრატეგიასთან შესათანხმებლად და მომხმარებლებისთვის მუდმივად მაღალი დონის მომსახურების მიწოდებისთვის“, – თქვა Citi-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯეინ ფრეიზერმა.