Christian Dior-ის პირველი მისამართი – პარიზი, Avenue Montaigne 30, 1947 წელი.
თუმცა, ბრენდი 1946 წელს შეიქმნა. 1947 წლის თებერვალში კი მისი პირველი კოლექციის ჩვენება გაიმართა.
მანამდე დიორი საფრანგეთში სამხატვრო გალერეას ხელმძღვანელობდა და „დიდი დეპრესიის“ დროს გალერეის დახურვის შემდეგ ის მოდის დიზაინერ რობერტ პიგესთან და, ოდნავ მოგვიანებით, კუტურიე ლუსიენ ლელონგთან მუშაობდა. სწორედ ამან განაპირობა ის, რომ 1946 წელს საკუთარი მოდის სახლი შექმნა. ასე დაიბადა ბრენდი – Christian Dior.
Dior-ის პირველ ჩვენებაზე დაიბადა New Look. Culture Trip-ის მიხედვით, კოლექციის იდეა იყო showcase the end of World War II. Dior-ის დიზაინი იმ დროისთვის რევოლუციური იყო და სწრაფად აქცია მოდის სახლი ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ადგილად.
ყველას, რიტა ჰეივორთიდან დაწყებული მარგო ფონტეინამდე, სურდა ჩაეცვა Dior-ის სამოსი, რომელიც დროს უსწრებდა. სწორედ ასეთი ცნობილი და წარმატებული ქალების წყალობით Dior სწრაფად იქცა მოდის ინდუსტრიის საკულტო ბრენდად.
მალე Dior მსოფლიო ბრენდი გახდა. მაღაზიები ნიუ-იორკში მეხუთე ავენიუზე და 57-ე ქუჩაზე გაიხსნა. 1948 წელს Dior პირველად გამოჩნდა აშშ-ში. მალევე Dior-მა წარადგინა პირველი სუნამო – Miss Dior, რომელიც დას მიუძღვნა. ამავე პერიოდში დიორმა გააცნობიერა, რომ New Look-ის გასაგრძელებლად ბრენდს კიდევ უფრო მეტი სჭირდებოდა და დაიწყო ქურთუკების, ფეხსაცმლისა და ქუდების ხაზების ჩაშვება.
ახალგაზრდა და ენერგიულმა Yves Saint Laurent-მა Dior-ის სახლში ასისტენტად მუშაობა 1955 წელს დაიწყო. მაშინ ის მხოლოდ 19 წლის იყო. დიორმა სწრაფად დაინახა პოტენციალი ახალგაზრდა ფრანგში. Vogue წერდა, რომ როდესაც ის 1957 წელს ივ სენ ლორანის დედას შეხვდა, უთხრა, რომ სწორედ მის ვაჟს მოიაზრებდა მემკვიდრედ.
კრისტიან დიორი 1957 წელს 52 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა. მთელი მოდის სამყარო გლოვობდა ინდუსტრიის ხატის დაკარგვას. დიორის გარდაცვალების შემდეგ 21 წლის Yves Saint Laurent Dior-ის სახლის სამხატვრო ხელმძღვანელი გახდა. მან ძირითადად შეინარჩუნა Dior-ის შემოქმედებითი ხედვა. თუმცა, მიზნად ისახავდა ბრენდისთვის უფრო რბილი სილუეტის მიცემას.
1960 წელს სენ ლორანი საფრანგეთის ჯარში გაიწვიეს და მან Dior-ის მოდის სახლი დატოვა.
Yves Saint Laurent-ის წასვლის შემდეგ, მარკ ბოჰანმა დაიკავა მისი ადგილი, რომელმაც ოდნავ გაამარტივა Dior-ის კონცეფცია. მისცა უფრო თანამედროვე იერსახე. თუმცა, მისი იმიჯის ერთგული დარჩა. ბოჰანის მეშვეობით Dior-მა დაიბრუნა მსოფლიოს საყვარელი ბრენდის ტიტული.
ბოჰანი ათ წელზე მეტ ხანს მუშაობდა Dior-ის სახლში. აგრძელებდა ბრენდის განვითარებას და კიდევ უფრო წარმატებულს ხდიდა საერთაშორისო დონეზე. მან გამოუშვა საბავშვო ხაზი, რითაც Dior უფრო ხელმისაწვდომი გახდა. მაღაზიები გახსნა ლონდონსა და ჰონგ კონგში.
1978 წელს Dior-ის მფლობელმა კომპანიამ BousSac Group-მა გაკოტრების შესახებ გამოაცხადა და ბრენდის ახალი მფლობელი მილიარდერი ბერნარდ არნო გახდა.
1989 წელს მოდის სახლმა სამუშაოდ მიიწვია ჟანფრანკო ფერე, რომელმაც ოფიციალურად დააარსა Dior Haute Couture. ფერემ ბრენდი ახალ სიმაღლეებზე აიყვანა. მის კონცეფციაში საკუთარი შემოქმედებითი ხედვა შემოიტანა, რომელიც კიდევ უფრო დახვეწილი იყო.
2001 წელს დაარსდა მამაკაცის ტანსაცმლის ხაზი – Dior Homme, რომლის შემოქმედებითი დირექტორის თანამდებობაზე ედი სლიმანი მუშაობდა.
ფერეს შემდეგ, Dior-ის სახლის კრეატიული დირექტორი ჯონ გალიანო გახდა, რომელიც თითქმის ყველა ვარსკვლავისთვის ქმნიდა სამოსსა და აქსესუარებს. მათ შორის იყო პრინცესა დაიანაც.
2011 წელს გალიანომ Dior-ის მოდის სახლი დატოვა. ახალი კრეატიული დირექტორი რაფ სიმონსი გახდა. ის შეეცადა Dior თავის ფესვებს მიახლოვებოდა. სიმონსის დიზაინები, Dior-ის მსგავსად, უფრო ქალური და კლასიკური იყო.
Dior-ის ახალი ისტორია იწყება 2016 წელს, როდესაც მოდის სახლის სამხატვრო ხელმძღვანელი მარია გრეის ქიური გახდა, რომელიც მანამდე Valentino-ში მუშაობდა. ის იყო პირველი ქალი ძვირად ღირებული ბრენდის სათავეში. მან 2018 წელს Vogue-თან ინტერვიუში განაცხადა: „მე აქ არ ვარ იმიტომ, რომ ქალი ვარ. არამედ ვარ იმიტომ, რომ კარგად ვაკეთებ იმას, რასაც ვაკეთებ.“
მარია გრეის ქიურიმ Dior-ის სტილს დაამატა ქალური შტრიხები და შექმნა საკუთარი ხაზი, რომელიც ფოკუსირებული იყო ფემინიზმზე. თუმცა, მისი მიმართულება მაინც Dior-ის კლასიკური და ტრადიციული ხაზის გაგრძელებაა.
დღეს Dior-ის მოდის სახლი აერთიანებს ქალისა და მამაკაცის ტანსაცმლის, აქსესუარების, სუნამოსა და კოსმეტიკის ხაზებს.